ხაჭაპურიძის თქმით, კადრების გავრცელებაზე სააკაშვილის თანხმობა არ ყოფილა

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტის კადრების გამოქვეყნება.

„ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული, - განაცხადა ხაჭაპურიძემ და დაამატა, - პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეომასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. შემდეგ ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია".

სააკაშვილის ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„თუ ამაზე დავა დადგება და დამიჯერეთ, დადგება დრო, ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი - ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა. გუშინ საღამოსვე გახდა ცხადი ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ აი, ამ კადრების, დამონტაჟებული კადრების გამოქვეყნებას გეგმავდნენ. ქართულ პოლიტიკაში ეს არაერთხელ გვინახავს, თუმცა მიზანი ამის გახლავთ ერთი - თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ან მას ჩართავდნენ, მაშინ საზოგადოება დაინახავს მის ვიზუალურ მდგომარეობას, თუმცა ამით ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, ის სიმულიანტობს, სინამდვილეში არის კარგად, მაგრამ მე მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი შეცდნენ. პირიქით, ამ კადრებს ვინც უყურებს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ვგულისხმობ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულს და ბოტებს, ეს არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ცუდად არის. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცით საშუალება ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სასამართლო პროცესზე ექსპერტები გააჟღერებენ იმ დიაგნოზებს, რა დიაგნოზებიც აქვს დასმული ბატონ სააკაშვილს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კლინიკა "ვივამედში" განთავსებული, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდან

კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.

ასევე ნახეთ ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

კადრების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ერთი დღით ადრე ილაპარაკა. მან ყოფილი პრეზიდენტი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.