ხოშტარიას განცხადებით,  შეკოწიწებულ კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ

„გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია

სამი პარტნიორი პოლიტიკური პარტია - „დროა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" გამოეხმაურნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას.

„ვიხილეთ ადამიანის ღირსების შელახვის, გათელვის, შეურაცხყოფის, შურისძიების, დამცირების, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების გადახაზვის აქტი, რომელიც მთავრობამ შეურაცხყოფის გზით გაგვიბედა ჩვენ, საზოგადოებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პოლიტიკოსის თქმით, კადრებმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის.

„შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანური მოპყრობის პირობებში მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს, პირველ რიგში, დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი თვითონ იზიანებს, არ ჭამს ან რაღაცას არ აკეთებს", - აღნიშნა ხოშტარიამ.

„დროას" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ქმედება ოპოზიციას აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. „ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმაა, რომელზეც ჩვენ ყველანი უნდა შევჯერდეთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს:

„თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა. ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან. მოლოდინი სასამართლოს მიმართ, რომ მან რა უნდა ქნას, ეს დამთავრდა. თქვენ რას აპირებთ პირადად?"

ვაშაძემ თქვა, რომ დღის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდათ ოპოზიციონერ კოლეგებთან, სხვადასხვა აქტიურ ჯგუფთან. „პირდაპირ ვამბობთ, ყველაფრის ტელევიზიით ყურების დრო აღარ არის. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა ტყვიის გარეშე", - დაამატა მან.

„გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „ამ კადრების გავრცელება არის მორიგი ნაბიჯი იმ რჩევების, რეკომენდაციების და კრიტიკის წინააღმდეგ, რომლებიც მოდის დასავლეთიდან, ევროკავშირიდან".

დღეს მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსზე. ამ რეზოლუციაში მოხვდა პირდაპირ შეფასება იმისა, რა მოხდა ამ ექვსი თვის განმავლობაში. ცალსახად წერია, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რაც ეხება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ქვეყანაში ვითარება არის გაუარესებული. „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველომ მომავალ წელს ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი", - მიიჩნევს ჯაფარიძე.

კლინიკა "ვივამედში" განთავსებული, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდან

კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.

ასევე ნახეთ ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

კადრების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე რატი ბრეგაძემ ერთი დღის ადრე ილაპარაკა. მან ყოფილი პრეზიდენტი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.