მშვიდობიან მოსახლეობაზე სერიოზული ზეწოლით, ბაქო ცდილობს დაითანხმოს სომხური მხარე, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც აღადგენს კონტროლს 90-იან წლებში დაკარგულ ტერიტორიაზე.
სამი დღე ბლოკადაში
სომხური მხარის ცნობით, 1 100-ზე მეტი ადამიანი ვერ ბრუნდება სახლში, მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის იმ ნაწილში, რომელსაც ჯერ კიდევ სომხები აკონტროლებენ.
ქუჩაში დარჩენილებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც დროებით ერევანში იყვნენ 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის საყურებლად იყვნენ, ან სამკურნალოდ, ცეკვის ანსამბლები, და ოფიციალური დელეგაციებიც კი. მათ შორის 270 ბავშვია ოჯახისგან მოწყვეტილი. ქუჩაში დარჩენილები ერევანსა და გორისში რჩებიან.
ბლოკადის ფონზე, კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, არცახი (ტერიტორიის სომხური სახელწოდება) საწვავის დაზოგვას იწყებს.
დე ფაქტო სამთავრობო პრესცენტრის ინფორმაციით, დერეფნის გასწვრივ მდებარე რამდენიმე სოფელი - მეცშენი, ჰინ შენი, ლისაგორი და იღწახოგი - მოწყვეტილია დანარჩენ ყარაბაღსა და სომხეთს. სურსათის, პურის და ფქვილის, თუ სხვა აუცილებელი ნივთების მიწოდება კი შეუძლებელია.
ასეა 12 დეკემბრის შემდეგ, როცა დაახლოებით დილის 10:30 საათზე, რამდენიმე ათეულმა აზერბაიჯანელმა ქალაქ შუშასთან გზაზე აქცია გამართა. ისინი აპროტესტებდნენ იმას, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება უწოდებს ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო მოპოვებას და მის სომხეთში გატანას.
აზერბაიჯანულ მედიაში აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველ აქტივისტებს უწოდებენ. თუმცა ქვეყანაში, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ოპოზიციას დევნიან, ბევრისთვის დაუჯერებელია, ეს ხალხი ხელისუფლების ნებართვის გარეშე მოქმედებდნენ.
თუ პირველ დღეს საპროტესტო ლოზუნგები ეკოლოგიურ თემებს ეხებოდა, მეორე დღეს მათ უფრო ნაციონალისტური შინაარსი შეიძინეს. მათ შორის „ყველაზე დიდებული ჯარისკაცი ჩვენი ჯარისკაცია“; „მოწამეები უკვდავები არიან, ჩვენი მიწა განუყოფელია!“ და „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“
ეს უკვე მეორე აზერბაიჯანული ბლოკადაა. პირველი, დროებითი, ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ მოხდა. 3 დეკემბერს აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებსა და რუს სამშვიდობოებს შორის შელაპარაკების დროს გზა რამდენიმე საათით ჩაიკეტა. აზერბაიჯანელების მტკიცებით, ისინი ყარაბაღის რუსების მიერ კონტროლირებად ნაწილში შესვლას და იქ უკანონო მაღაროების შესახებ ინფორმაციის გამოძიებას ცდილობდნენ. თუმცა საკითხი რამდენიმე საათში მოგვარდა.
აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას რუს სამშვიდობოებთან და შეძლებენ მათ მიერ კონტროლირებად ნაწილში შესვლას მონიტორინგისთვის. თუმცა 12 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აიხან ჰაჯიზადემ თქვა, რომ რუსი სამშვიდობო დანაყოფები ვიზიტორებს არ უშვებენ. მისივე თქმით, სამინისტრომ საპროტესტო წერილი გაუგზავნა რუს კოლეგებს.
კონფრონტაცია რუს სამშვიდობოებთან
აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები რამდენჯერმე პირდაპირი ეთერში ჩართული კამერების წინ ეკამათნენ რუს სამშვიდობოებს ყარაბაღში, რითაც გაამძაფრეს ქვეყანაში დებატები რუსეთის როლთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მედია დიდი ხანია აკრიტიკებს რუს სამშვიდობოებს და ამტკიცებს, რომ ისინი მიკერძოებულნი არიან სომხური მხარის სასარგებლოდ.მთიან ყარაბაღში დაახლოებით 2 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება, მას შემდეგ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ცეცხლი შეწყდა.
7 დეკემბერს ხოჯალიში, რუსებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეხვედრისას, რუსმა სამშვიდობოებმა გზა დაუკეტეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს, რომლებიც ღონისძიების გაშუქებას ცდილობდნენ.
ტელეკომპანია Ictimai-ის ეთერში ჩანს რეპორტიორსა და რუს ჯარისკაცებს შორის შელაპარაკება.
„გადით“, ეუბნება ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში რუსი სამხედრო.
„არ გავალ!“ - პასუხობს რეპორტიორი და ამატებს: „ბოდიში, მაგრამ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და თქვენ ვერ მიმითითებთ, რა გავაკეთო ჩემს ტერიტორიაზე."
ჟურნალისტი ახერხებს რამდენიმე მეტრის გავლას, როცა რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გზას უღობავს და ცდილობს არ გაატაროს.
„არ გავჩერდები! არ გაქვთ უფლება… გესმით, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა? გავალთ!“ - ამბობს რეპორტიორი და ამატებს: „შეგვიძლია ასე ვეხუტებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან არასერიოზულია“.
ბლოკადის დროსაც, ბევრი აზერბაიჯანული მედიის ფოკუსში მოხვდა შეხლა-შემოხლა მომიტინგეებსა და რუს სამშვიდობოებს შორის. მაგალითად, ერთ სცენაში ჩანს, როგორ მოისროლა რუსმა ჯარისკაცმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიკროფონი.
წნეხი აღიარებისთვის
რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა გაარკვია, რომ მომიტინგეები, რომლებიც დემონსტრაციის წინა ხაზზე, ხმამაღლა სკანდირებენ ბუნების დაცვის მოთხოვნებს, აქამდე საერთოდ არ ყოფილან ცნობილი გარემოსდაცვითი აქტივიზმით.
მაგალითად, რუჰიე მემედოვა აქტიურად აზიარებს ვიდეოებს ლაჩინის დერეფნიდან. მის ფეისბუკ ანგარიშზე თვალშისაცემია აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის, ილჰამ და მეჰრიბან ალიევების ფოტო. მემედოვას ფეისბუკზე არაფერი უწერია ბუნებისა და გარემოს დაცვაზე. თუმცა ხშირად ავრცელებს პრეზიდენტ ალიევის გამოსვლებს.
ჰაშინ ჰაჯიევი, საინფორმაციო სააგენტო ტურანის რედაქტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დემონსტრანტები ნამდვილად არიან აქტივისტები, თუმცა ცხადია, ისინი იქ ვერ გამოჩნდებოდნენ ხელისუფლების ნებართვის გარეშე.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის მოსახლეობა ეწინააღმდეგება ყარაბაღში ძვირფასი წიაღისეულის მოპოვებას ისე, რომ აზერბაიჯანს გადასახადებს არ უხდიან და არც ხელისუფლების მოთხოვნებს ემორჩილებიან.
ბლოკადის მიზანი, ჰაჯიევის თქმით, არის ზეწოლა სომხებზე, რომ მათ აღიარონ, რომ ცხოვრობენ აზერბაიჯანში და უნდა დაიცვან ამ ქვეყნის კანონები.
„ჩვენ გავაგრძელებთ მათზე ზეწოლას, სანამ არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს. ასე ფიქრობს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - ამბობს ჰაჯიევი.
13 დეკემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს „მთიანი ყარაბაღი მოკვეთოს სომხეთს და, შესაბამისად, გარე სამყაროს“ და განდევნოს მისი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა.
ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რჩება ორიენტირებული „დაძაბულობის დეესკალაციის აუცილებლობაზე და ამ ორი ქვეყნის გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი მორიგების გზაზე დაყენების აუცილებლობაზე“.