საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ანგარიშებზე 2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით განთავსებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 2.4 მილიარდ ლარს - ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ეროვნული ბანკიდან გამოითხოვა. საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული თანხის მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე იქნება, მაგალითად, თბილისის ბიუჯეტი 2023 წელს.
ეკონომისტი გია ჯანდიერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ თანხებს საქართველოს ეკონომიკაზე რეალურად დიდი პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს იმის მიუხედავად, რომ ლარის გამყარება რუსეთის მოქალაქეების აქ შემოტანილი და დახარჯული თანხების დამსახურებაა. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ იცოდეს, რა მოხდება ეკონომიკაში მაშინ, როცა ეს თანხები აღარ იქნება.
“დღევანდელი ჩვენი წარმატება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მთლიანად განპირობებულია იმით, რომ გაიზარდა გადმორიცხვები და მოგზაურების გადახდები. ყოველდღიურობაში, ჩემი აზრით, აშკარად იგრძნობა, რომ ჩვენი ეკონომიკა არაფერს აკეთებს, ბრენდები გადიან, ინფლაცია მაღალია…ეს ომი ერთხელაც იქნება დამთავრდება, იმედია, ეს რუსები თავის სახლებში წავლენ, ამ ფულსაც წაიღებენ და [ეკონომიკის] ზრდის ელემენტიც აღარ იქნება”, - ამბობს გია ჯანდიერი და ამატებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდა ანგარიშების გასახსნელად, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა, აეღო Visa და Mastercard ბარათები. ის ხარვეზად მიიჩნევს იმასაც, რომ ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკის წარმოებისას ცალკე არ გამოყოფს რუსეთის მოქალაქეების მიერ რუსეთში არსებული საკუთარი ანგარიშებიდან აქ გახსნილ ანგარიშებზე გადმოტანილ თანხებსაც.
საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების იმ ანგარიშების ჯამური რაოდენობა, რომლებზეც 2022 წლის 31 ოქტომბრისათვის დაფიქსირდა დადებითი ნაშთი, 147 412-ია. ამ ანგარიშების ნახევარზე მეტი, 87 589, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 1 ნოემბრამდე დროის პერიოდშია გახსნილი.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ შესაძლოა ანგარიშების რაოდენობა ზუსტად არ ასახავდეს რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობას, ვინც საქართველოს ბანკებში ანგარიში გახსნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "კონკრეტულ მოქალაქეს/იურიდიულ პირს შესაძლოა გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში, რომელთა ჯამური რაოდენობა ასახულია საერთო რაოდენობაში."
მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ფინანსური აქტივობები განსაკუთრებით გაიზარდა მიგრაციის ე.წ. მეორე ტალღის შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა. სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოს ბანკებს რუსი ეროვნების უფრო მეტი ახალი კლიენტი ჰყავდათ, ვიდრე მარტსა და აპრილში, როცა უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო.
ასევე ნახეთ ერთ ფიქტიურ მისამართზე 300 რუსული ბიზნესი - რატომ ხდება ასე საქართველოში?