არაღიარებული მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭო რუსეთის სამშვიდობო ძალებს მიმართავს ლაჩინის დერეფნის გახსნის თხოვნით

საპროტესტო აქცია რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოსთან. 13 დეკემბერი, 2022 წელი

მთიანი ყარაბაღის და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გახსნის თხოვნით მიმართა არაღიარებული რეგიონის უშიშროების საბჭომ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას. ამის შესახებ რეგიონის მმართველის პრესსამსახური იტყობინება.

დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის მმართველის ოფისი აცხადებს, რომ დერეფნის შეუფერხებელი მუშაობა შეთანხმებულია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით და რომ მისი ჩაკეტვა ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება რეგიონისთვის.

სტეფანაკერტის და გორისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი დღეების განმავლობაშია გადაკეტილი. რეგიონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავიდ ბაბაიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი სრულ ბლოკადაშია.

აზერბაიჯანი ამბობს, რომ გზა გადაკეტეს ეკოლოგებმა, აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც არ სურთ, რომ მოხდეს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბაქო ვერ აკონტროლებს.

სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ფიქრობენ, რომ საპროტესტო გამოსვლას აკონტროლებს აზერბაიჯანი.

რუსეთის სააგენტო "ინტერფაქსის" თანახმად, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს აზერბაიჯანის მთავრობასთან ავტომაგისტრალზე მოძრაობის აღდგენის მიზნით.

13 დეკემბერს სომხეთში გაიმართა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილეს ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის თემა, იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. ამასთან ერთად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა ერევანს მოსთხოვა „საგნობრივი და ქმედითი“ ნაბიჯების გადადგმა ვითარების მოგვარების მიზნით და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა.

საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო ვერ აკონტროლებდა რეგიონის ტერიტორიას, მაგრამ 2020 წლის ომის შედეგად დაიბრუნა კონტროლი რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილსა და იმ რაიონებზე, რომლებიც სომხურ ძალებს ჰქონდათ დაკავებული.

რუსეთის შუამავლობით ამ ომის დასრულების შემდეგ რეგიონში განთავსდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები.