"ძაღლი მიკვდომია სულში" - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

ვიქტორ ჯაფარიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა "ხალხის ხმის" წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკა. კომუნიკაცია დეპუტატებს შორის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შედგა.

"მიშას თავისუფლება როგორ უნდა მოითხოვოთ?!. სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან?!. მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა იმას ვეტყვი", - უთხრა ჯაფარიძემ მანჯგალაძეს. დეპუტატებს შორის საუბრის ამსახველი ვიდეოკადრები "ფორმულამ" გაავრცელა.

მანჯგალაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ შეხებია. მან ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე.

"ეს უნდა ვთქვათ - მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის უკრაინაში ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლებითაც გვგლეჯდა 2008 წელს და რომელსაც აპირებდნენ, თუ უკრაინაში წარმატებით განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია. დიახ, პუტინის მიზნები იყო და არც დაუმალავს - იმპერიის აღდგენა და ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით. ამიტომ მშვიდობაა განპირობებული არა თქვენი პოლიტიკით, არამედ მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა", - თქვა მანჯგალაძემ.

მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტრიბუნაზე ესმოდა ჯაფარიძის რეპლიკები, რის გამოც ჰკითხა, რა არ მოსწონს მის ნათქვამში:

"მითხრა, რომ არ მოსწონს, სააკაშვილს რომ ვიცავ. ვუთხარი, რომ კვდება და თუ სხვა ვინმე იქნება ამ მდგომარეობაში, მათზეც გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. რაც მითხრა, იმის გამეორება არ მინდა".

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი არ ეცოდება და ის არის მოსაკითხი, პრეზიდენტობის დროს "რამდენ დედას ჩააცვა შავები".

"მე ახლა მანქანაში ვზივარ და პანაშვიდზე მივდივარ - სააკაშვილის პირადი ტყვე იყო ნორა კვიციანი. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს - არა ისე სამარცხვინოდ, როგორც სასჯელს იხდის ჩვენი პრეზიდენტი. მე მრცხვენია, რომ ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტის გვყავდა. რაც უნდა ის გაუკეთებია. კისერი მოუტეხია. მე არ მეცოდება", - ამბობს ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.