"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" (ADC), რომელსაც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და 12 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ინვესტორი აღნიშნავს, რომ პრემიერს საარბიტრაჟო დავის დროს გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრემიერის გეგმა, ანაკლიაში სახელმწიფოს 51-პროცენტიანი მონაწილეობით პორტის აშენების შესახებ, განუხორციელებელი დარჩება.
"ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას", - წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მთავრობამ საარბიტრაჟო დავისა და არსებული სასამართლოს პირობებში ვერ შეძლო ისეთი ინვესტორის მოძიება, რომელიც თანახმა იქნებოდა პორტი აეშენებინა ანაკლიაში.
"მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია...
საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია - მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მით უმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ", - აღნიშნავენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში".
მათივე აზრით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, რომელზეც პრემიერმა ასევე ისაუბრა 12 დეკემბერს, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ანაკლიაში საჭირო ინვესტიციების მოსაძიებლად.
"პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში....
ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება - უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა", - წერია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 12 დეკემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", რომელსაც ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა, ე.წ. ინვესტორები უწოდა. მისი თქმით, ბიზნესმენებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, რომლებიც ახლა პარტია "ლელოს" ლიდერები არიან, მხოლოდ 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, თუმცა ინვესტორებისგან მოზიდული ჰქონდათ 20-25 მლნ.
ჯაფარიძე ამბობს, რომ პორტის მშენებლობაში ინვესტირებული იყო 75 მლნ დოლარი, საიდანაც მან და მამუკა ხაზარაძემ 40 მლნ ჩადეს.
ასევე ნახეთ ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მისი ქოსატყუილასაც კი შეშურდებოდაღარიბაშვილის თქმით, "ანაკლიის პორტის" აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ანაკლიის პორტის" 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება"ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ - ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას", - თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.