"დიდი შვიდეული" უკრაინის უპრეცედენტო დახმარების ერთგული რჩება

უკარაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება "დიდი შვიდეულის" ონლაინ შეხვედრას, ეკრანზე ჩანს ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

"დიდი შვიდეულის" (G7) ერთობლივი განცხადების თანახმად, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ოფისმა გაავრცელა, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები რჩებიან "უპრეცედენტო, კოორდინირებული სანქციების ერთგული რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ.“

"ჩვენ გავაგრძელებთ მოწყვლადი ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც სერიოზულად განიცდიან რუსეთის აგრესიული ომის შედეგებს და ენერგიისა და საკვების იარაღად გამოყენებას".

"ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევის კოორდინაციას, რათა დააკმაყოფილოს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები სამხედრო და თავდაცვის აღჭურვილობაში“, - აღნიშნულია G7-ის განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კიევის უზრუნველყოფას საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და საშუალებებით.

„რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს. დღემდე ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მდგრადი სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ, თავდასხმების შეწყვეტით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას სამართლიანი მშვიდობისთვის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეული“ მზადაა დაეხმაროს უკრაინას კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დაცვაში.

"რუსეთმა უნდა გადაიხადოს თავისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ის არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ. ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.

"დიდი შვიდეულის" შეხვედრა ონლაინ ფორმატში 12 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაში ასევე დისტანციურად ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე ნახეთ ზელენსკი რუსეთს საშობაოდ უკრაინიდან ჯარის გაყვანის დაწყებას სთავაზობს

.