მირიამ ლექსმანი: საკითხის კანონმდებლობის შესაბამისად განხილვის შემდეგ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს

მირიამ ლექსმანი და მასიმო დანჯელო

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება იმ მუხლს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს. "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი ასევე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება.

„დავიწყებ საქართველოს ევროპული მომავლით - ჩვენ ვიცით, რომ ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი და ჩვენ გვინდოდა დახმარება აღმოგვეჩინა საქართველოსთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პირობები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ორი პირობა გულისხმობს თავისუფალ სასამართლო სისტემას და ბრძოლას პოლარიზაციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე და მისი გათავისუფლება სამართლებრივ საფუძველზე ამ ორივე საკითხს უკავშირდება. არსებობს იურიდიული საფუძველი 283-ე მუხლში, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე და ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ მუხლს. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების გადასაწყვეტია, რომ ეს საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განიხილოს და სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული“, - განაცხადა "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის, ქრისტიან-დემოკრატების წევრმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. ევროპარლამენტარის გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

სტრასბურგში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია და სანდრა რულოვსი, რომლებმაც ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტრასბურგში იმყოფება ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო, რომელმაც ექიმებისგან შექმნილი გუნდის დასკვნის საფუძველზე აღნიშნა, რომ "სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას არა მხოლოდ აწამებდნენ, არა მხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მის მდგომარეობას ართულებს“, - განაცხადა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მასიმო დანჯელომ.