"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ მისი და მისი პარტნიორის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა რეპუტაციის შესალახად და ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაჩერებლად დაიწყო.
"დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა და ცილისმწამებელი ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია... მისი შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირს, ქოსატყუილასაც კი... ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებლებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ იმის გამო, რომ არის გაპარტახებული და სრული განუკითხაობა, არის "ქართული ოცნების" პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით. მათ ინვესტორს ჩამოართვეს 75 მლნ დოლარი. ასეთი რამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში არ ყოფილა", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მასალა არქივიდან პარლამენტმა ნათელაშვილს, ხოშტარიას და ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 12 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", რომელსაც ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა, ე.წ. ინვესტორები უწოდა. მისი თქმით, ბიზნესმენებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, რომლებიც ახლა პარტია "ლელოს" ლიდერები არიან, მხოლოდ 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, თუმცა ინვესტორებისგან მოზიდული ჰქონდათ 20-25 მლნ.
ჯაფარიძე ამბობს, რომ პორტის მშენებლობაში ინვესტირებული იყო 75 მლნ დოლარი, საიდანაც მან და მამუკა ხაზარაძემ 40 მლნ ჩადეს.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ანაკლიის პორტის" აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ანაკლიის პორტის" 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება"ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ - ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას", - თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.