უკრაინაში ბრალდება წარუდგინეს კიდევ ერთ სასულიერო პირს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მტრის სასარგებლო საქმიანობაში ამხილეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მოსკოვის საპატრიაქოს (МП) ერთ-ერთი ეკლესიის დიაკონი, ზაპოროჟიეს ეპარქიაში.
„ის საჯაროდ უჭერდა მხარს უკანონო რეფერენდუმის ჩატარებას რეგიონის [ზაპოროჟიეს ოლქის] რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით“, - ვკითხულობთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, დიაკონი აქტიურობდა უკრაინაში აკრძალულ სოციალურ ქსელ «Вконтакте»-ში და ავრცელებდა კრემლის მხარდამჭერი ბლოგერების მოწოდებებს „რეფერენდუმის“ მხარდაჭერის შესახებ და, კომენტარების სახით, თავადაც მოუწოდებდა ყველას, მიეღოთ მონაწილეობა უკანონო პროცესში.
„ის უარყოფდა უკრაინელი ერის, უკრაინული ენასა და კულტურის არსებობას. ასევე, ეჭვქვეშ აყენებდა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
ჩხრეკის შედეგად, დიაკონის სახლიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რაც დანაშაულის მტკიცებულებების შემცველია.
დიაკონს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. მისი ბრალდება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას უკავშირდება. სასამართლო პროცესამდე, გაგრძელდება გამოძიება დანაშაულის სხვა დეტალებისა და მასშტაბის დადგენის მიზნით.
ასევე ნახეთ უკრაინა ეკლესიებში „რუსული სამყაროს“ კვალს კრძალავს - ბრალდება წაუყენეს სასულიერო პირებსუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია-მონასტრების შემოწმების პროცესი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნოემბერში, თანდათან გააქტიურდა. უსაფრთხოების სამსახური თითქმის ყოველდღე შედის ეპარქიებში, ამოწმებს რელიგიურ შენობებსა და დამხმარე ნაგებობებს, „რუსული სამყაროს“ კვალის აღმოჩენის მიზნით, რაც „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანო მართლსაწინააღმდეგო საქმიანობით“ ვლინდება.
10 დეკემბერს ვრცელდებოდა ცნობები ხარკოვის ეპარქიის ეკლესიებში ჩატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შესახებ.
უსაფრთხოების სამსახურის ხარკოვის ოლქის სამმართველო იტყობინება, რომ აღმოჩენილია დიდი ოდენობის ნაღდი ფული (სხვადასხვა ვალუტა, მათ შორის - რუსული რუბლი), კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა და ოკუპანტებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვები. იტყობინებიან, რომ ერთ-ერთ ბერს აღმოაჩნდა რუსული პასპორტი, მოწმდება მისი კავშირი აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
ბოლო კვირებში ეჭვმიტანილებად ცნეს და ბრალდებები გააცნეს არაერთ სასულიერო პირს.
9 დეკემბერს, ტერნოპოლის ოლქში, ბრალი წაუყენეს პეჩაევსკის სასულიერო სემინარიის რექტორს, მოსკოვის ეპარქიის დაქვემდებარებაში მოქმედ არქიეპისკოპოსს. ირკვევა, რომ ის ფეისბუკში ყალბი ანგარიშით ავრცელებდა რუსეთისთვის სასარგებლო ინფორმაციას.
მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ლიტერატურა, რომელიც ზუსტად იმეორებს კრემლის მესიჯებს.
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ УПЦ რჩება რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად. УПЦ-ს უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.