31 წლის ამერიკელი კალათბურთელი ქალი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით იხდიდა 9-წლიან სასჯელს, გაცვალეს რუს ვიქტორ ბუტზე, რომელსაც 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილ კოლუმბიურ FARC-ისთვის „მიწა-ჰაერი“ სისტემის რაკეტების მიყიდვის გამო. ვიქტორ ბუტი იარაღით ვაჭრობის კრიმინალურ ბიზნესში ლეგენდარული პიროვნებაა, რომელზეც ჰოლივუდში ფილმიც ("Lord of War") კი არის გადაღებული. „იარაღი არ კლავს, კლავენ ადამიანები“, - ასეთი იყო „სიკვდილის ვაჭრად“ წოდებული ვიქტორ ბუტის ბიზნესკრედო, ვიდრე 2008 წლის 6 მარტს ამერიკის სპეცსამსახურმა არ დააპატიმრა ტაილანდში.
გაცვლის მწირი დეტალები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაცვლა აბუ-დაბის აეროპორტში მოხდა.
8 დეკემბერს საღამოს ბუტს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდნენ მეუღლე ალა და დედა რაისა. ბუტის რუსეთში დაბრუნების მომენტი რუსულმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს. მოსკოვში დაბრუნებულმა ბუტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაცვლის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა: „უბრალოდ შუაღამისას გამაღვიძეს და მითხრეს, მოემზადეო. არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ ყოფილა“.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაწერა Twitter-ზე, რომ ამერიკელი კალათბურთელი სახლში ბრუნდებოდა.
ბაიდენმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს რუსეთში მსჯავრდებული ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის სამშობლოში დაბრუნების ძალისხმევას.
„ბუტისა და გრაინერის გაცვლაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და საუდის არაბეთის მეფისნაცვლის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად“, - ნათქვამია ორი მონარქიის ერთობლივ განცხადებაში. ასევე ცნობილია, რომ ბუტიც და გრაინერიც გაცვლის წინ შეიწყალეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2022 წლის ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ მზად იყო განეხილა გრაინერისა და უილანის გაცვლის საკითხი.
31 წლისა და 206 სმ სიმაღლის ბრიტნი გრაინერი აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა ეკატერინბურგის კლუბ УГМК-ში („ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანია“). 2022 წლის თებერვალში სპორტსმენი დააკავეს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, სადაც ჩხრეკისას აღმოუჩინეს ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯები, რომლებიც სამედიცინო მარიხუანის ზეთს შეიცავდა.
გრაინერი რუსული კლუბის შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა ევროლიგის ჩემპიონი. 2014 წელს „ფენიქს მერკურისთან“ ერთად მოგებული აქვს ქალთა NBA-ის ჩემპიონობა.
გრაინერს ბრალი დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაში. სასამართლოში მან განაცხადა, რომ კარტრიჯები შეცდომით აღმოჩნდა მასთან და, რომ ის არ აპირებდა რუსეთის კანონების დარღვევას. 4 აგვისტოს მოსკოვის ხიმკის რაიონულმა სასამართლომ სპორტსმენს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი ძალაში დატოვა მოსკოვის საოლქო სასამართლომაც. 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენი სასჯელის მოსახდელად მორდოვიის კოლონიაში გადაიყვანეს.
ვიქტორ ბუტიც ერთგვარი ჩემპიონია, ოღონდ, ცხადია, არა სპორტში, არამედ იარაღით ვაჭრობის კრიმინალურ ბიზნესში. საბჭოთა საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი ექსტრადირებულ იქნა ტაილანდიდან შეერთებულ შტატებში 2010 წელს აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოპერაციის შემდეგ. ბუტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იარაღით მოვაჭრე. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ამერიკის მოქალაქეებისა და აშშ-ის ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობაში, „მიწა-ჰაერის“ სისტემის რაკეტების მიწოდებასა და ტერორისტული ორგანიზაციების დახმარებაში. თავად ბუტი ამტკიცებდა, რომ დაკავებული იყო ლეგიტიმური საერთაშორისო სატრანსპორტო ბიზნესით და, რომ შეცდომით დაადანაშაულეს სამხრეთამერიკელი მეამბოხეების იარაღით მომარაგებაში.
საინტერესოა, როგორ იქცა დუშამბეში დაბადებული ბიჭი იარაღისა და სიკვდილის ყველაზე ცნობილ მოვაჭრედ?
ყვავილებიდან ტანკებამდე და რაკეტებამდე
ვიქტორ ბუტი დაიბადა 1967 წელს დუშანბეში. დაამთავრა სპეცსკოლა, სადაც გაძლიერებულად ასწავლიდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებს. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემდეგ 1987 წელს ჩააბარა უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტის პორტუგალიურ განყოფილებაზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, უმცროსი ლეიტენანტის წოდებით, სამუშაოდ გაგზავნეს ანგოლასა და მოზამბიკში, მაგრამ სამხედრო სამსახურში დიდხანს არ დარჩენილა: დაახლოებით ამ პერიოდისთვის ვიქტორ ბუტმა მოიფიქრა ბიზნესპროექტი. აფრიკას ის უყურებდა როგორც თავისი საქმიანობის ფართო ასპარეზს. კონფლიქტის ზონებში საჰაერო მიმოსვლა უკიდურესად საშიში იყო, მაგრამ იმ დროის რუსეთი სავსე იყო უმუშევარი მფრინავებით და, რაც მთავარია, ზომიერ ფასად თვითმფრინავების ყიდვაც შეიძლებოდა.
1992 წელს, როდესაც 25 წლის იყო, ბუტმა გააფორმა თავისი პირველი გარიგება: 120 ათას დოლარად იყიდა სამი სატვირთო თვითმფრინავი Ан-12.
„მე არასოდეს მყოლია ინვესტორები“, - განუცხადა მან New York Times Magazine-ს 2003 წლის ზაფხულში. ჟურნალის კითხვაზე, საიდან მიიღო 25 წლის დამწყებმა ბიზნესმენმა საწყისი კაპიტალი თავისი სტარტაპისთვის, ბუტმა უპასუხა, ფულის შოვნა არასოდესაა რთულიო.
პირველი დიდი ფული გამოიმუშავა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ცოცხალი ყვავილების შეტანით: იოჰანესბურგში 2 დოლარად ნაყიდი სამხრეთაფრიკული გლადიოლუსი დუბაიში 100 დოლარად იყიდებოდა. ერთი რეისით ბუტს 20 ტონა ყვავილი ჩაჰქონდა.
„ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე ფულის ბეჭდვა“, - ამბობდა რიჩარდ ჩიჩაკლი, ბუტის ბუღალტერი, რომელსაც ასევე მიესაჯა პატიმრობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბუტის თქმით, საამიროები მაშინ წალეკეს რუსმა ნუვორიშებმა, რომლებიც ყიდულობდნენ ყველაფერს, დაწყებულს ფანქრებითა და ავტომობილებით, დამთავრებულს IKEA-ს ავეჯით: დამოუკიდებელ თავისუფალ რუსეთში არაფერი იშოვებოდა.
1996 წლისთვის ბუტის საჰაერო ფლოტი 160 თვითმფრინავისგან შედგებოდა, ხოლო მისი თანამშრომლების რიცხვი ათასს აღემატებოდა. ყვავილების, ავეჯისა და გაყინული ქათმების შემდეგ დადგა იარაღის დროც. ბუტმა შექმნა ფართო ქსელი, რომელიც ეშმაკურად უვლიდა გვერდს გაეროს სანქციებს.
1995 წელს სწორედ ბუტმა დაიქირავა თათრული ავიაკომპანია „აეროსტანისგან“ თვითმფრინავი, რათა ქაბულში რაბანის მთავრობისათვის ჩაეტანა AK-47-ების პარტია და 30 ტონა სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ძალიან ესაჭიროებოდა რაბანის მთავრობას „თალიბანის“ შესაკავებლად, თუმცა ფრენა დასრულდა იძულებითი დაშვებით ყანდაარში, რომელიც უკვე თალიბების ხელში იყო. ეკიპაჟისა და თვითმფრინავის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების დროს, ვიქტორ ბუტი, როგორც გაზეთები წერდნენ, აჰმად შაჰ მასუდის მეგობრიდან იქცა თალიბანის ლიდერის მოლა ომარის მომმარაგებლად. ამის შემდეგ, ეკიპაჟმა „თავხედური გაქცევით“ შეძლო გადაფრენა ყანდაარიდან შარჯაში, სადაც ბუტის კომპანიის სათავო ოფისი იყო განთავსებული.
New York Times Magazine-თან ინტერვიუში ბუტი ამბობს, რომ რამდენჯერმე ჩაფრინდა ყანდაარში მოლაპარაკების მიზნით და რომ მას თან ახლდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები. ბუტის თქმით, მოლაპარაკებები ჩაიშალა, თუმცა არც „თავხედური გაქცევა“ ყოფილა.
1998 წლის ბოლოს ანგოლაში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, კანადელმა ელჩმა რობერტ ფაულერმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ანგოლის სანქციების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ ანგოლის დამოუკიდებლობის ეროვნული კავშირის („უნიტა“) მეამბოხეთა არმიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი არაეფექტიანია. საბჭომ საკითხის შესწავლა ექსპერტთა ჯგუფს დაავალა. 2000 წლის 10 მარტს უშიშროების საბჭოს წარედგინა ფაულერის ანგარიში, რომელსაც შემდეგ დაემატა UNITA-ს სანქციების დამკვირვებლების 2001 წლის 18 აპრილისა და 12 ოქტომბრის მოხსენებები, რომლებიც, თავის მხრივ, შეიცავდნენ დეტალურ ინფორმაციას იარაღის დილერების საერთაშორისო ქსელის შესახებ. ვიქტორ ბუტს ამ დოკუმენტებში თვალსაჩინო ადგილი ეკავა. 2000 წლის იანვარში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიტერ ჰეინმა, პირველად დაადანაშაულა საჯაროდ ბუტი „უნიტასათვის“ იარაღის უკანონო მიწოდებაში.
იმავე წლებში, აშშ-ის მთავრობამ, რომელიც შეშფოთებული იყო დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებით, ნება დართო თავის სპეცსამსახურს მოესმინა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ლიბერიისა და სიერა ლეონეს მთავრობებისა და პარტიზანების მეთაურთა სატელეფონო საუბრები. მალე საუბრების ჩანაწერებს დაემატა კოსმოსური დაზვერვის მონაცემები და „ველზე“ მომუშავე აგენტების მოხსენებები. უზარმაზარ ინფორმაციაში ხშირად ჩნდებოდა ვიქტორ ბუტის სახელი, რომელიც, ფაქტობრივად, ყველგან და ყველაფერს იყო მოდებული. CIA-ში თავი მოიყარა ფოტოების კოლექციამ, რომელიც ასახავდა რუსული სატვირთო-სატრანსპორტო თვითმფრინავების Ан-ებისა და Ил-ების ყოფნას აფრიკის ჯუნგლებში საიდუმლო აეროდრომების ასაფრენ ბილიკებზე. ერთ-ერთ სურათზე თავად ვიქტორ ბუტიც იყო აღბეჭდილი რუსული თვითმფრინავის ფონზე. ფარული კამერით გადაღებული ეს პორტრეტი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ბუტის ერთადერთ ვიზუალურ გამოსახულებად.
იარაღის მიმწოდებელთა შორის იყვნენ მოლდოვა, უკრაინა, სლოვაკეთი და ბულგარეთი. მომხმარებელი ბუტთან ანგარიშსწორებას, როგორც წესი, ბრილიანტებით ახდენდა. 2000 წლის დეკემბერში „სისხლიანი ბრილიანტების“ პრობლემამ ასახვა ჰპოვა ანგოლის შესახებ გაეროს მისიის რეგულარულ ანგარიშში. დოკუმენტის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს ბუტის მცდელობაზე, გაეხსნა ალმასის დასამუშავებელი ქარხანა რუანდის დედაქალაქში, რათა შეუძლებელი ყოფილიყო ბრილიანტების წარმომავლობის დადგენა. ბუტს ასევე ჰქონდა სამოქმედო ბაზა ბელგიის ქალაქ ოსტენდში, საიდანაც ძვირფასი ქვები ანტვერპენის თავისუფალ ბაზარზე შეჰქონდა.
ბუტის ოპერაციების აღწერა ჰოლივუდის „ბოევიკების“ სცენარებსაც ჰგავს. Ил-76-ის რუსული ეკიპაჟის ტიპური მარშრუტი იწყებოდა ბულგარეთის პორტ ბურგასიდან. ოთხძრავიანი „ილიუშინის“ ტვირთამწეობა 52 ტონაა, რაც საკმარისია ერთი T-62 ტანკის ან ოთხი სხვა ჯავშანმანქანის გადასატანად. ტვირთის ყალბ დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ თვითმფრინავს გადაჰქონდა ავტომობილების ან ტრაქტორების სათადარიგო ნაწილები. ფრენის მარშრუტში მითითებული იყო ზამბიის დედაქალაქი ლუსაკა, როგორც საბოლოო დანიშნულების პუნქტი. უგანდაში საწვავის შევსების შემდეგ თვითმფრინავი იღებდა კურსს ზამბიისკენ ისეთი გათვლით, რომ ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ღამით შესულიყო. აქ იგი იცვლიდა კურსს, მიფრინავდა დასავლეთისკენ და ამგვარად უხილავი რჩებოდა ამერიკული თანამგზავრებისთვის. ანგოლაში იწყებოდა ფრენის ყველაზე რთული სეგმენტი. უნიტას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახელდახელოდ მოწყობილ ასაფრენ ბილიკზე, დაშვება ასევე ღამით ხდებოდა. ბილიკი, რომელიც არცერთ რუკაზე არ იყო მონიშნული, მარტივად კეთდებოდა: ბულდოზერით გაწმენდილ ტერიტორიას ავსებდნენ წყლით. მზეზე გამშრალი ტალახი მყარი საფარის მაგივრობას სწევდა. ამასთან, ასაფრენი ბილიკი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მოკლე და ვიწრო. გარშემო ბუჩქნარი ისე ისხვლებოდა (არ იძირკვებოდა), რომ თვითმფრინავის ფრთები არ შეხებოდა. კოსმოსიდან გადაჭრილი ბუჩქი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიმაღლის ველური ბუჩქებისგან. მითითებულ კოორდინატებს რომ მიაღწევდა, თვითმფრინავი უშვებდა რადიოსიგნალს, რის შემდეგაც „მასპინძლები“ ბილიკზე ანთებდნენ შუქნიშნებს. ამ დროს ტანკის საფასურად გამზადებული ძვირფასი ქვები უკვე წინასწარ იყო შემოწმებული ბუტის წარმომადგენლის მიერ, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა უნიტას ტერიტორიაზე. თვითმფრინავში კიდევ ერთხელ ამოწმებდნენ ძვირფას ქვებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდა ტანკი ახალი მფლობელის ხელში, თვითმფრინავი კი მზის ამოსვლამდე ტოვებდა ანგოლის ტერიტორიას.
2000 წლის შუა რიცხვებში ვაშინგტონმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყო ოთხ კონტინენტზე მდებარე შვიდი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები და თანამდებობის პირები მინისტრთა კაბინეტების დონეზე. რუსეთი ამ ქვეყნებს შორის არ იყო. ისმინებოდა ბუტის ყველა სატელეფონო ზარი. ასევე ხორციელდებოდა 24-საათიანი ფარული თვალთვალი. არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ამერიკელებს შესთავაზა ბუტის დაპატიმრება და მათთვის გადაცემა. შარჯაში, სადაც ბუტის მთავარი ოპერატიული ბაზა იყო განთავსებული და მისი ოჯახი ცხოვრობდა, სპეცდანიშნულების რაზმი უკვე მზად იყო აყვანის ოპერაციის დასაწყებად, მაგრამ ვაშინგტონმა ითხოვა ოპერაციის გადადება, რადგან „ჯერ ყველაფერი არ იყო ცნობილი ბუტის იატაკქვეშა იმპერიის შესახებ“.
ალ-ყაიდის მომმარაგებელი
2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ბუტის დოსიე ახალი დეტალებით გამდიდრდა. Los Angeles Times-ი 2002 წლის იანვარში იტყობინებოდა, რომ ბუტი უშუალოდ იყო ჩართული ემირატების ავიაკომპანიის Flying Dolphin-ის ოპერაციებში (ავიაკომპანია კვირაში ორჯერ ახორციელებდა რეგულარულ სატვირთო ფრენებს შარჯიდან ყანდაარში). ამერიკულმა გამოცემამ კომპანიის ხელმძღვანელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ყოფილი ელჩი ვაშინგტონში და აბუ-დაბის მმართველი ოჯახის წევრი, შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ-საქრ ალ-ნაჰაიანი დაასახელა ვიქტორ ბუტის ბიზნესპარტნიორად. ავღანეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის ელჩმა გაეროში, რავან ფარჰადიმ გაზეთს აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით განუცხადა, რომ ამ სქემის მიხედვით, ემირატებიდან ყანდაარში გადაჰქონდათ ქიმიური იარაღი - „ციანიდები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები“, რომელთა შესყიდვა ხდებოდა გერმანიაში, ჩეხეთსა და უკრაინაში. „თალიბებს ეს ქიმიკატები არ სჭირდებათ, - ამტკიცებდა ელჩი, - ამ ტვირთის მიმღები არიან ბინ ლადენი და მისი ხალხი”. ის ფაქტი, რომ ალ-ყაიდა ატარებდა ექსპერიმენტებს ნერვული სისტემის დამანგრეველ მომწამვლელ აგენტებზე, დადასტურდა იმავე წლის აგვისტოში ვიდეოთი, რომელშიც ნაჩვენები იყო ძაღლების გაზით მოკვდინების სცენები.
დასავლურ პრესაში ავღანური კავშირების შესახებ პირველივე ცნობების გამოქვეყნების შემდეგ, ბუტმა ნაჩქარევად დატოვა ბელგია და გადაბარგდა რუსეთში. 2002 წლის 8 თებერვალს ბელგიის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა მისი პარტნიორებისა და თანამშრომლების სახლებში. 18 თებერვალს, როდესაც ბელგიელებმა ინტერპოლს ბუტის დასაკავებლად ორდერი გაუგზავნეს, ძებნილი „ბიზნესმენი“ შარჯიდან პირდაპირ მოსკოვში გაემგზავრა თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავით. 21 თებერვალს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იური შუვალოვმა განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის ნიკოლაი ბობროვსკის დავალებით, სამინისტრო ამოწმებს ინფორმაციას ალ-ყაიდისათვის იარაღის მიწოდების საქმეში ვიქტორ ბუტის მონაწილეობის შესახებ.
ერთი კვირის შემდეგ, 28 თებერვალს, რუსეთში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უსახელო თანამშრომელმა სააგენტო „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში დაადასტურა ბუტის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერის გაცემის ფაქტი და დასძინა: „ბუტი ასევე ცნობილია იმით, რომ თავს ასაღებდა რუსეთის ФСБ-ს ოფიცრადო“.
ინტერპოლის ანონიმი თანამშრომლის კომენტარიდან: „ბუტის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ, სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ბუტი იმყოფება რუსეთის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელსაც შესვლის გამარტივებული რეჟიმი აქვს. ბუტი ცნობილია, როგორც კვალის არევის ოსტატი“.
ინტერპოლის ოფიცრისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ ბუტი რეგისტრირებული იყო პეტერბურგში და, რომ ჰქონდა ბინა მოსკოვში. „ეხო მოსკვისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ბუტი უარყოფდა დანაშაულებრივ სქემებში მონაწილეობას.
„არ არსებობს კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული ბრალდება, - განაცხადა მაშინ ვიქტორ ბუტმა, - არ არსებობს ფაქტები, რომლებზეც საუბარია და არც იარსებებს. წარმოუდგენელი ბრალდებები, რომლებსაც მე მიყენებენ, ძალიან მაგონებს XX საუკუნის 30-იან წლებს, იმდროინდელ სსრკ-ს, როდესაც ხალხის მტრებს დასმენის გამო აპატიმრებდნენ, რომ, ბოდიში და, ვიღაცამ გაზეთის ნაჭრით ერთი ადგილი გამოიწმინდა. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი მაშინდელ ამბებს... ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია ისეთი, რისთვისაც უნდა ვინერვიულო ან ვიღაცისგან დავიმალო და გავიქცე“.
ბუტის ძებნა მოულოდნელად შეწყდა სამი დღის შემდეგ, 2002 წლის 4 მარტს, როდესაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა საფუძველი ეჭვი შეეტანა ბუტის ქმედებების კანონიერებაში.
2003 წლის აგვისტოში ბუტს მოსკოვში შეხვდა ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი, სცენარისტი, რეჟისორი და კინოპროდიუსერი პიტერ ლანდსმანი, რომელმაც შემდეგ გამოაქვეყნა ინტერვიუ NYT Magazine-ში. ბუტმა არ უარყო, რომ იარაღი გადაჰქონდა. მისი აზრით, გადამზიდავი არ არის პასუხისმგებელი ბორტზე დატვირთული ყუთების შიგთავსზე. ბუტი ამ ბიზნესს უკანონოდ არ მიიჩნევდა. „უკანონო იარაღი? - კითხულობს ის, - რა არის ეს? თუ აჯანყებულები აკონტროლებენ აეროპორტსა და ქალაქს და გაძლევენ დაშვების საშუალებას, რა არის ამაში უკანონო და არალეგალური? ადრე თუ გვიან აჯანყებულები იქცევიან ხელისუფლებად, რომელსაც ასევე აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება“.
„იარაღი არაფრით განსხვავდება წამლისგან, - ამბობდა ბუტი, - სინამდვილეში, მედიკამენტებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე იარაღს. კლავს არა იარაღი, არამედ კლავენ ადამიანები“.
როდესაც ლანდსმანმა მას აჩვენა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებული ზედნადების ასლი, რომელიც ადასტურებდა ჩარლზ ტეილორის (ლიბერია) რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების ფაქტს, ბუტმა დოკუმენტს ყალბი უწოდა.
„თუ ყველაფერს მოგიყვებით, - უთხრა მან ჟურნალისტს საუბრისას, - მივიღებ ხვრელს შუბლში“.
ამ საუბრიდან მესამე დღეს ბუტმა ამერიკელი ჟურნალისტი მიიწვია კერძო კლუბში ორთქლის აბაზანის მისაღებად. მასპინძელმა სტუმარს აუხსნა, რომ თუ უკმაყოფილო იყო ქორწინებით, შეეძლო ესარგებლა ადგილობრივი გოგონების მომსახურებით. ამერიკელ ჟურნალისტს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბუტი არავის ემალებოდა. მეტიც, რომ არც ალ-ყაიდასთან შეუწყვეტია ბიზნესი.
2002 წლის სექტემბერში, „ვაშინგტონ პოსტმა“, ევროპული სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ალ-ყაიდის კუთვნილი ოქროს რამდენიმე პარტია გადაიტანეს პაკისტანიდან ირანში. პუბლიკაციის მიხედვით, მარშრუტის საბოლოო დანიშნულება სუდანის დედაქალაქი იყო, ხოლო ოპერაციის ბოლო ეტაპზე ვიქტორ ბუტის თვითმფრინავი მონაწილეობდა. სუდანი ბუტის სამსახურებრივ სიაში ფიგურირებს 1999 წლის მარტიდან ანუ მას შემდეგ, რაც გაზეთმა Guardian-მა ბრიტანელ პილოტზე დაყრდნობით, რომელიც მუშაობდა ბუტის კომპანიაში, განაცხადა, რომ ბუტი რეგულარულად არღვევდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ გაეროს იარაღის ემბარგოს.
1991-დან 1996 წლამდე სუდანში ცხოვრობდა ოსამა ბინ ლადენი.
ასევე ნახეთ სიკვდილით მოვაჭრე თავისუფალია. ვინ არის ვიქტორ ბუტი?დაპატიმრება, სასამართლო პროცესი და გაცვლა
ამ ამბებიდან ხუთი წლის შემდეგ, ბუტმა გადაწყვიტა, რომ ბევრმა წყალმა ჩაიარა, რომ ის აღარავის ახსოვდა და შეეძლო საზღვარგარეთ წასულიყო. შეთავაზებაც ძალიან მაცდური იყო. 2008 წლის 6 მარტს მისი დაპატიმრება ბანკოკში იყო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეცსამსახურის, DEA-ის ოპერაციის შედეგი. სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც გარიგებაში მონაწლეობდნენ როგორც კოლუმბიის მემარცხენე ექსტრემისტული პარტიზანული ჯგუფის, კოლუმბიის რევოლუციური ძალების (FARC) წარმომადგენლები, შუამავლის საშუალებით, ბუტს შეატყობინეს, რომ სურდათ შეეძინათ „მიწა-ჰაერი“ რაკეტების დიდი პარტია და მათი გამშვები სისტემები. ბუტი დაინტერესდა შეთავაზებით. მის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ იქონია იმ ფაქტმა, რომ FARC-ი აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები გაიმართა რამდენიმე ეტაპად: კუნძულ კურასაოზე, კოპენჰაგენსა და ბუქარესტში, მაგრამ ბუტი მათში მონაწილეობდა დაუსწრებლად, პარტნიორის მეშვეობით, ტელეფონით და უკიდურესი სიფრთხილით, თუმცა საბოლოოდ, ვითომ-მყიდველებმა მაინც მოახერხეს მისი შეტყუება ტაილანდის დედაქალაქში.
სანამ ტაილანდის სასამართლო განიხილავდა აშშ-ის მოთხოვნას ბუტის ექსტრადიციაზე, მოსკოვმა ხრიკს მიმართა. ბუტის დაკავების დღესვე, სააგენტო „ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა მოითხოვოს დაკავებულის ექსტრადირება, რადგან ბატონი ბუტი ეჭვმიტანილია რუსეთში ჩადენილ არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში. ეს ცნობა „უცნაურია“ თუნდაც იმის გამო, რომ ვიქტორ ბუტი ბანკოკში პირდაპირი რეისით ჩაფრინდა მოსკოვიდან, სადაც ის არავის ემალებოდა და სამართალდამცავ ორგანოებსაც ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა მისთვის ბრალის წასაყენებლად. მოსკოვს ამგვარი მანევრებისთვის ადრეც არაერთხელ მიუმართავს, თუმცა ბუტთან დაკავშირებით ტრიუკმა არ გაჭრა. ტაილანდის ციხიდან ვიქტორ ბუტმა საჯაროდ მიმართა ვლადიმირ პუტინს.
2011 წლის 11 ოქტომბერს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში ბუტის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დაიწყო. ბრალდებულმა არცერთი დანაშაული არ აღიარა და ასევე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. 2011 წლის 2 ნოემბერს ნაფიცი მსაჯულების ჟიურიმ თავისი ვერდიქტი გამოაცხადა: ვიქტორ ბუტი დამნაშავეა ყველა პუნქტის მიხედვით.
2012 წლის 5 აპრილს მოსამართლე შირა შენდლინმა ბუტს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბუტის ადვოკატი, სტივ ზისუ მიიჩნევდა, რომ მისი კლიენტი დაისაჯა სავარაუდო, დაუსაბუთებელი დანაშაულისთვის: „არ დაგავიწყდეთ: მისი დანაშაული არის ვერბალური დანაშაული. არანაირი იარაღი არ გაყიდულა. არავის გადაუხდია ფული“, თუმცა იარაღის კონტროლის ექსპერტ ქეით ოსტინს რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს.
მოსამართლე შირა შენდლინმა ვიქტორ ბუტს მინიმალური 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პროკურატურა კი სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. ვფიქრობ, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მისი ბრალის დამაჯერებელი მტკიცებულებები. მინიმალური სასჯელი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ იყიდება ერთი „მიწა-ჰაერი“ სისტემის რაკეტა, ბუტმა კი შესთავაზა მთელი არსენალი: 700-800 რაკეტა, ტონობით ასაფეთქებელი ნივთიერება, ტონობით საბრძოლო მასალა.
პატიმართა გაცვლის საქმე გართულდა მოსკოვის კონტრშეთავაზების გამო. როგორც ამერიკული მედია იტყობინებოდა, მოსკოვის სურვილი იყო, გასაცვლელთა სიაში, ბუტის გარდა, ასევე შეეტანათ რუსი დაზვერვის ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში გასული წლის დეკემბერში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ეს წინადადება მიუღებელი იყო:
„ორი ამერიკელის მძევლად დატოვება იმისათვის, რათა გაცვალონ ისინი მესამე ქვეყანაში მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პირზე, საერთოდ არ მიგვაჩნია სერიოზულ კონტრშეთავაზებად. ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა რუსების არაკეთილსინდისიერი მცდელობა, საჯაროდ აარიდონ თავი სერიოზულ შეთავაზებას“.
მოგვიანებით, ამერიკულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის ახალი წინადადების შესახებ: უილანი და გრაინერი გაეცვალათ ბუტსა და ვლადისლავ კლიუშინზე, რომელიც შეერთებულ შტატებში კიბერდანაშაულშია ბრალდებული, თუმცა საბოლოო ჯამში გაცვლა შედგა ფორმატით „ერთი-ერთზე“: გრაინერი ბუტზე.
შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ბოლოს პატიმრები მიმდინარე წლის აპრილში გაცვალეს. მაშინ რუსი მფრინავი კონსტანტინ იაროშენკო, რომელსაც შეერთებულ შტატებში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, გაცვალეს ამერიკელ ტრევორ რიდზე, რომელიც პოლიციელებთან ჩხუბისთვის რუსეთში ცხრაწლიან სასჯელს იხდიდა.