მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ ცნო ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს ვიდეოჩართვა უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ.
8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად გაიმეორა იაშინის ის სიტყვები, რომლებიც მან ჩართვისას თქვა, მათ შორის - ფრაზა: „ვფიქრობ, რომ შეეცდებიან ბევრი ადამიანი დაადანაშაულონ „ყალბი ცნობების“ გავრცელებისთვის“.
9 დეკემბერს იაშინის მხარდასაჭერად სასამართლოში ათობით ადამიანი მივიდა. სასამართლო დარბაზში შესვლა ყველამ ვერ შეძლო - სხდომის პირდაპირი ტრანსლირება ცალკე ოთახში იყო ორგანიზებული.
პროკურატურის ინფორმაციით, იაშინმა დანაშაული 7 აპრილს იუტუბზე პირდაპირ ეთერში ჩაიდინა. ოპოზიციის ლიდერმა მოიყვანა მტკიცებულება, რომ ბუჩის მცხოვრებლები რუსმა სამხედროებმა დახოცეს, მაგრამ ასევე მიმოიხილა რუსული მხარის არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები არ მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში და მომხდარი ყალბია.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ იაშინის სახელით ტელეგრამის არხზე მიმართვა გამოქვეყნდა. “ჩვენ სიმართლე ვთქვით ომის დანაშაულებზე და გამოვთქვით მოწოდება სისხლისღვრის შეწყვეტისკენ“, - წერს იაშინი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ განაჩენით, „ხელისუფლებას სურს ყველა დაგვაშინოს, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ სისუსტეს აჩვენებს. ძლიერი ლიდერები მშვიდები და თავდაჯერებულები არიან და მხოლოდ სუსტები ცდილობენ ყველა დაადუმონ, ყოველგვარი განსხვავებული აზრი მოსპონ. ასე რომ, დღეს შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც ითქვა ჩემი დაკავების დღეს: მე არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ“, - განაცხადა იაშინმა.
ორშაბათს სასამართლოში, თავის ბოლო სიტყვაში, იაშინმა თქვა, რომ მზად იყო პატიმრობისთვის. ”არაფერს ვნანობ”, - აღნიშნა მან. ”შემეძლო გავქცეულიყავი, შემეძლო გაჩუმება. მაგრამ მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. უკეთესია ათი წელი გისოსებს მიღმა გაატარო და დარჩე პატიოსან ადამიანად, ვიდრე მდუმარედ სირცხვილმა დაგწვას იმისთვის, რასაც შენი სახელით სჩადიან", - თქვა მან.
ევროკავშირმა იაშინის განაჩენის გამოტანის წინა დღეს კვლავ მოითხოვა მისი და რუსეთის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ასევე ნახეთ ბუჩაზე ნათქვამი სიმართლის გამო 10-წლიანი პატიმრობა?