პუტინი: უკრაინაში ომი ხანგრძლივ პროცესად შეიძლება იქცეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში, რომელსაც ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, შეიძლება „ხანგრძლივ პროცესად“ იქცეს. ამასთან, მან „მნიშვნელოვანი შედეგი“ უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე რეგიონის ანექსიას.

პუტინი 7 დეკემბერს გამოვიდა პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე. საბჭოში ამჟამად შედიან პირები, რომლებიც მთლიანად უჭერენ მხარს კრემლის პოლიტიკას.

„რა დასამალია, აზოვის ზღვაც რუსეთის ფედერაციის შიდა ზღვად იქცა“, - თქვა პუტინმა. მან ახსენა იმპერატორი პეტრე I, რომელიც აზოვის ზღვაზე გასასვლელისთვის იბრძოდა.

ამასთან, ტერიტორიების ანექსია თავად პუტინის მიერ არ დასახელებულა სპეცოპერაციის მიზნებს შორის. ქვეყნების დიდი უმრავლესობა არ ცნობს უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას, უკრაინა განაგრძობს მათი გათავისუფლებისთვის ბრძოლას.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას პუტინმა „სპეცოპერაციის“ გარდა გამოიყენა სიტყვა „ომიც“ - მისი თქმით, ის უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო 2014 წელს.

ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ ასეთი საფრთხე იზრდება. რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა გარანტიების მიცემაზე, რომ მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „პირველი თუ არ გამოიყენებს, ე.ი. არც მეორე გამოიყენებს. ვინაიდან გამოყენების შესაძლებლობები, თუკი ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმა განხორციელდა, ძალზე შეზღუდულია“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება „არ შეშლილა“ და არ აპირებს „ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას“. ასევე, პუტინის თქმით, რუსეთი „ეროვნულ ინტერესებს“ ჯერ „მშვიდობიანი საშუალებებით“ დაიცავს, მაგრამ თუკი ეს არ გაჭრის, მაშინ „ყველა არსებულით“.

პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაციის მეორე ტალღაზე საუბარს „აზრი არა აქვს“, ვინაიდან „დღევანდელი დღისთვის“ მისი აუცილებლობა არ არსებობს. მისი სიტყვებით, ახლა დაახლოებით ნახევარი - 300 ათასი გაწვეულიდან 150 ათასი - „სპეცოპერაციის“ ზონაში იმყოფება, მაგრამ ამ ნახევრის მხოლოდ ნახევარი - უშუალოდ ფრონტზე.

რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის - გაეროს უშიშროების საბჭო. მისი აზრით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისინი რუსეთთან მიმართებაში „ცინიკურ ანგაჟირებულობას“ გამოხატავენ. როგორც პუტინმა თქვა, დასავლეთის ქვეყნები „ადამიანის უფლებების დოქტრინას“ იყენებენ სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევისთვის.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, რასაც მოსკოვი „სპეცოპერაციას უწოდებს“, 24 თებერვალს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ხელში ჩაიგდო დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილები და მათი ანექსია გამოაცხადა. უკრაინამ მოახერხა რუსეთის მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიების ნაწილის კვლავ დაბრუნება.

პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“. ამ თეზისს ის რუსეთის ჯარების უკანდახევის დროსაც იმეორებდა. ამასთან, რაში მდგომარეობს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით როდის უნდა დასრულდეს ოპერაცია, მას არ დაუკონკრეტებია. რუსეთი უკრაინაში შეჭრის მთავარ მიზნად აცხადებს „დონბასის დაცვას“.

პუტინთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ადამიანის უფლებების საბჭო დაატოვებინეს იმ ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ გამოდიოდნენ ომის წინააღმდეგ. როგორც იტყობინებიან, მათ შეეძლოთ პუტინისთვის უხერხული შეკითხვები დაესვათ, მაგალითად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლის ძალაყინით მოკვლის ფაქტზე. მათ მაგივრად დანიშნეს ისეთი პირები, რომლებიც კრემლისთვის „სანდოებად“ ითვლებიან.