რუსეთ-უკრაინის ომში ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მხარესაა

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 დეკემბერს მედიასთან კომენტარში კითხვაზე, ვის მხარესაა რუსეთ-უკრაინის ომში, უპასუხა: მე ვარ საქართველოს მხარეს.

მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძართან მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა დამატებით ჰკითხა: „ქვეყნის ინტერესი რომელია, უკრაინის გამარჯვება თუ რუსეთის გამარჯვება?“ ღარიბაშვილმა კომენტირება განაგრძო და თქვა:

უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მანვე მედიასთან აღნიშნა, რომ საქართველო ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასოდეს ჩაერთვება.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე: ჩვენ ამას არ გავაკეთებთ