სტოლტენბერგი: რუსეთი ცდილობს, საბრძოლო მოქმედებები "გაყინოს", რათა ძალის მოკრება შეძლოს

რუსეთი შეეცდება, უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება „გაყინოს, მინიმუმ, მოკლე ვადით“, რათა აღიდგინოს ძალები და ახალი შეტევა დაიწყოს გაზაფხულზე, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მან ასევე პასუხი გასცა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ქვეყნები თითქოს დაიღალნენ გაჭიანურებული ომით. მისი სიტყვებით, ნატო მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინას და მის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

„თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის, ისევე როგორც სერიოზული შედეგები ექნება ჩვენთვის ყველასთვის, მოკავშირეები უფრო დაუცველები გახდებიან, მსოფლიო კი - უფრო სახიფათო“, - თქვა სტოლტენბერგმა ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას, გადასცემს თუ არა ნატო უკრაინას დასავლური წარმოების ტანკებსა და თვითმფრინავებს, რისგანაც უკრაინის მოკავშირეები დღემდე იკავებენ თავს.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია სამუშაო მდგომარეობაში შევინარჩუნოთ ის შეიარაღება, რომელიც უკვე გადაეცა უკრაინას და გავაგრძელოთ სათადარიგო ნაწილებისა და ამუნიციის მიწოდება.

„პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მეტად გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა მოლაპარაკეების გზით, რომელიც უკრაინის გამარჯვების გარანტია იქნებოდა, მით უფრო არის საჭირო უკრაინისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რათა შეიქმნას პირობები სამართლიანი გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამავე დროს, მისი სიტყვებით, მოცემულ მომენტში არ მოიპოვება პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის:

„რუსეთს არ ეტყობა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის ნიშნები, ეს კი არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ეს უნდა გადაწყვიტონ არა ნატომ და ბრიუსელმა, არამედ უკრაინელებმა, როცა დადგება დრო მოლაპარაკებების დასაწყებად.“