სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეზე ირღვევა ევროკონვენციის მე-18 მუხლი

ფოტო არქივიდან: „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე

საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა. დოკუმენტის თანახმად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით). როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ამ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების და საქმის მასალების შესწავლა, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით (პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ), ასევე ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს ანალიზი.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორაციული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას ბრალდების მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი.

რაც შეეხება ე.წ. მანქანის ეპიზოდს, დასკვნის თანახმად, სახალხო დამცველმა 2022 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა საქმის შემოწმების შედეგები და მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ დასტურდებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და ასევე საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა. გარდა ამისა, დაუსაბუთებლად შეაფასა ასევე პირველი ინსტანციის განაჩენით შეფარდებული სასჯელი.

მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების გამო, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების მიზნით მიმართა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000-ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. დასკვნის მიხედვით, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად, არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო სახალხო დამცველის ყველა შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია.

გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე აპელირებდა კონვენციის მე-18 მუხლზე, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეში ეს საკითხიც შეისწავლა.

„პოლიტიკოსების განცხადებების, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების გათვალისწინებითა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მართლმსაჯულება არსებითი ხარვეზებით განხორციელდა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ იქნა გამოყენებული, ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის აღნიშნული შეფასება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს", - ნათქვამია დასკვნაში.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი ნიკა გვარამიასთან მიმართებით.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მეორედ ხდება ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ქმედების შეფასება. პირველი ესეთი შემთხვევა იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე", - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლის ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასჯელს იხდის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.