1942 წლის 6 დეკემბერს ქართველი მღვდელი გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის გაზის საკანში სხვის მაგივრად შევიდა. ის მაშინ 43 წლის იყო.
„გზის ნახევარი გვქონდა გავლილი, როცა ხელმარცხნივ წმინდა ელიას სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დავინახეთ, ხოლო ბეთლემის შესასვლელთან, გზის მარჯვენა მხარეს - რაქელის საფლავი... ერთმა ექსკურსანტმა შემატყო, რომ ჯიუტმა ვირმა გამაწამა, ცხენი დიდსულოვნად დამითმო და მითხრა: „თქვენ, როგორც ქართველს, ამ ქალაქში ვირით შესვლა არ გეკადრებათ“.
ეს ციტატა გრიგოლ ფერაძის დღიურიდანაა, რომელსაც 1936 წელს, ისრაელსა და სირიაში მოგზაურობისას წერდა. ის იქ ქართული და სომხური წარწერების მოსაძებნად იყო ჩასული. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა, მთელი ევროპის შემოვლა მოასწრო.
გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს ბაკურციხეში დაიბადა, მამა მღვდელი ჰყავდა, დედა - მღვდლის შვილი. თავადაც სასულიერო სემინარია დაამთავრა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ორ ძმასთან ერთად მე-11 არმიის წინააღმდეგ ებრძოლა.
1921 წელს გელათის საეკლესიო კრებაზე გადაწყვიტეს, გრიგოლი ევროპაში სასწავლებლად გაეშვათ. ასე აღმოჩნდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, აქედან ბონის უნივერსიტეტში გადავიდა, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ძალიან ბევრი ენა იცოდა, მათ შორის მკვდარი ენებიც.
„ძალიან კარგად იცოდა გერმანული, რუსული, ფრანგული, პოლონური, ბერძნული, ლათინური, სომხური, სირიული... თან ძალიან კარგ პერიოდში მოუწია გერმანიაში ყოფნა. მაშინ იქ ბევრი ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე იყო, ყველა მათგანთან ჰქონდა კავშირი და ერთობლივი შრომებიც ბევრი დაწერეს. ინგლისში, გრადში, ლაიპციგში ყველგან ქართულ ხელნაწერებს სწავლობდა“, - ამბობს თამარ ჭუმბურიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.
გრიგოლ ფერაძე ბერად 1931 წელს, ლონდონში აღიკვეცა. მოგვიანებით პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში გაგზავნეს.
გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი რომანოზ ფერაძე ამბობს, რომ ბერად აღკვეცა მას ხილვამ გადააწყვეტინა:
„თავად წერს დღიურში, ძალიან ავად ყოფილა, სიკვდილის პირას. მაშინ ჰქონდა ხილვა, მთელი დარჩენილი ცხოვრება ღმერთს მიუძღვენიო“.
უკან დასაბრუნებელი ბილეთის გარეშე
თეოლოგი დავით თინიკაშვილი ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიაში აღწერს, როგორ ახასიათებდნენ გრიგოლ ფერაძეს: „როგორც მისი პოლონელი ბიოგრაფი, ჰენრიკ პაპროცკი აღნიშნავდა, მეორე მსოფლიო ომამდე გრიგოლი ევროპაში ყველაზე დიდი სპეციალისტი იყო ქართველოლოგიაში. იულიუს ასფალგის სიტყვით კი, ევროპაში „ქართველოლოგიის განვითარებამ ახალი ბიძგი მიიღო მას შემდეგ, რაც ბონში ქართველმა გრიგოლ ფერაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი და დაიწყო თავისი შრომების გამოქვეყნება“.
ევროპაში დარჩენა გრიგოლ ფერაძის არჩევანი არ ყოფილა. უნდოდა საქართველოში დაბრუნებულიყო, საბჭოთა საკონსულოსაც მიმართა, მაგრამ ნებას არ რთავდნენ. დაღონებული კორნელი კეკელიძეს სწერდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ, საშინლად ვიტანჯები, არაფრის ხალისი აღარ მაქვსო.
„რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში? რა დავაშავე?“
„მართალია ვერ დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ საზღვარგარეთ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე აქ გააკეთებდა. ქართულ კულტურას დიდ პოპულარიზაციას უწევდა. აღმოსავლეთმცოდნეების კონფერენციებზე გამოდიოდა, ერთ-ერთზე ისეთი სიტყვა წარმოთქვა, დადგენილება მიიღეს, ქართულ ლიტერატურას მეტი ყურადღება მივაქციოთო. ბევრ ევროპულ ჟურნალთან თანამშრომლობდა. აქაც ცდილობდა, საქართველოს, მისი ლიტერატურის შესახებ გაევრცელებინა ინფორმაცია.
მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია „უცხოელი პილიგრიმების ცნობები ქართული მონასტრებისა და ქართული ბერ-მონაზვნობის შესახებ წმინდა მიწაზე“. ქართული ავტოკეფალიის შესახებ საუბრისას, ამ ნაშრომს ხშირად იშველიებდნენ“, - ამბობს თამარ ჭუმბურიძე.
რომანოზ ფერაძე ჰყვება, რომ გრიგოლი საქართველოში წერილებს დედის გარდაცვალებამდე აგზავნიდა, შემდეგ კი შეწყვიტა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით მის ძმებს საფრთხე შეექმნებოდათ.
„არ გამოუშვეს საქართველოში, საბჭოთა კავშირს არ უნდოდა აქ თეოლოგები ყოფილიყვნენ. რომ დაიღუპა, იმასაც გვიმალავდნენ, მერე როგორ დაიღუპა, იმასაც. მამა წერილებს რომ წერდა, პასუხი მოსდიოდა, ვითომ ომის დროს, გრიგოლი სადაც ცხოვრობდა, იმ სახლს ბომბი დაეცა და მაშინ დაიღუპა. არადა, მისი ოთახი დღემდე შემორჩენილია ვარშავაში. როგორც ჩანს, ეს წერილები არც აღწევდა ადრესატამდე, სუკის ხელში ხვდებოდა“.
„საქართველო უკვე მკვდარია და ჩვენი აღსასრულიც დადგა?“
დღიურში „იერიქონის ვარდები“, რომელსაც ისრაელსა და სირიაში მოგზაურობისას ყოველდღე წერდა, ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე გარემოს აკვირდება ერთდროულად როგორც მეცნიერიც და როგორც სასულიერო პირიც, ხანდახან, როგორც უბრალო მოგზაურიც. მისთვის ყველა წვრილმანი ემოციისა და ფიქრის საბაბია.
„ბედუინის გამო ბევრი უსიამოვნება გადამხდა. გზადაგზა ფასს უმატებდა და თან მემუქრებოდა, თუ არ დავყაბულდებოდი, უდაბნოში მარტოს დამტოვებდა“.
„ბერები აქ უზომოდ ფანატიკოსები არიან. ისინი დროის მიღმა ცხოვრობენ და სრულებით არ ადარდებთ, ქვეყნიერებაზე რა ხდება... ერთმა ბერმა მითხრა, პატრიარქი დამიანე ერთი წლის წინ გარდაცვლილაო. „რაო? ერთი წლის წინ?“ - შეაწყვეტინა მეორე ბერმა, „ეს ხომ ხუთი წლის წინ იყო!“... ამგვარ გარემოში წარმოსახვა ძალიან აქტიურდება. როცა დერეფანში კატა დავინახე, ხელის გადასმა დავაპირე, ერთმა ბერმა მკაცრად დამტუქსა. მითხრა, წმინდა ბასილის სწავლების მიხედვით, კატა ქალის სიმბოლოა, რადგან უამრავი ქალური თვისება აქვს. ვინც კატას შეეხება, სამი დღის განმავლობაში უწმინდურია. ამ სამ დღეში თუ მოკვდება, პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდება. მე შემეშინდა, რომ სატრაპეზოში აღარ შემიშვებენ და ჭამა ოთახში მომიწევდა“.
„ოცი წუთი ვიარეთ და ბეთანია დავინახეთ. შორს მკვდარი ზღვა და წმინდა მდინარე იორდანე მოჩანდა. თვალს არ ვუჯერებდი, რომ ეს იყო ბეთანია - სოფელი, რომელსაც მაცხოვარი ეწვია და სადაც, მისი საუკეთესო მეგობრები, ერთ ძმა და ორი და ცხოვრობდნენ“.
„დიდხანს ვერ დავიძინე. იმაზე ვფიქრობდი, რაც წინამძღვარმა მითხრა, ქართველები აქ ოდესღაც ძლიერნი იყვნენ, მაგრამ ახლა იმ დიდებას ვეღარ დაიბრუნებენო. „ყველაფერი სომხების გამო დაკარგეთ, - თქვა მან, - ასეთია ცხოვრების მდინარება! ადამიანი იბადება, ვაჟკაცდება და მერე კვდება“ მაშ, მისი აზრით, საქართველო უკვე მკვდარია და ჩვენი აღსასრულიც დადგა? ნუთუ ეს მართლა ასეა? ალბათ, ამ შემთხვევაში ჩვენს დამოკიდებულებას წმინდა მიწის, ჩვენი ძველი ძეგლებისა და ჩვენი ძველი კულტურის აკვნის მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება. მაგრამ თუკი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მაშ რაღას უნდა ჰქონდეს? გონებას ვძაბავდი, რომ მეპოვა ძალა, რომელიც გამომაცოცხლებდა, აღმაფრენას შემმატებდა და მივხვდი, როგორ გვაკლდა თავმდაბლობა და სისპეტაკე. იქნებ, მათ შესწევთ ამის ძალა, ვინც წერს და ლექციებს კითხულობს? არაფრის დიდებით! ამის ძალა ერს, მხოლოდ ერს შეიძლება ჰქონდეს! მე კი რა შორს ვარ ახლა ერისგან!“
Your browser doesn’t support HTML5
Your browser doesn’t support HTML5
გროგოლ ფერაძე ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად მიიწვიეს. ასე აღმოჩნდა ის პოლონეთში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. 1942 წლის 6 დეკემბერს, 16:45 სთ-ზე ის თავისი ფეხით შევიდა გაზის საკანში. ერთი ვერსიით, მრავალშვილიან ებრაელს გაუცვალა ადგილი, მეორე ვერსიით კი სხვის მიერ მოპარული პურის ქურდობა დაიბრალა. მაშინ პურის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.
„არა მხოლოდ ჩვენი ოჯახი, უცხოეთში ქართველები რომ მხვდებიან, მეუბნებიან, ხშირად ვგრძნობთ წმინდა გრიგოლის შემწეობასო“, - ამბობს რომანოზ ფერაძე.
„იერიქონის ვარდებში“ გრიგოლ ფერაძე ერთგან წერს:
„მამა ნიკოლასმა გამომაცილა [იერუსალიმში - რ.თ.] და ერთი ძველი ბილიკი და დიდი ლოდი მაჩვენა. აქა-იქ ძველ სასაფლაოთა ნაშთები მოჩანდა. ლოდთან ყვავილები იყო დარგული. მამა ნიკოლასს სწამდა, რომ ქრისტემ თავისი ბოლო ლოცვა სწორედ ამ ადგილას წარმოთქვა. „იქ, ქვემოთ, სადაც ფრანცისკანელთა მონასტერია, - მითხრა მან, - გზა ძალიან ახლოს იყო, აქ კი უფრო სიწყნარე იქნებოდა. აქეთ მომავალი ებრაელები და იუდა აქედან უკეთ გამოჩდებოდნენ“.
„მართლაც, სახარება გვამცნობს, რომ ისინი შორიდანვე მოჩანდნენ“, - დავუმოწმე მეც.