ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა განაცხადა. მისი სიტყვებით, „სხდომაზე შეფასდა ვითარება, გადაწყდა რუსული დამოუკიდებელი ტელეარხის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება“.
ივარს აბოლინშის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის“ გათვალისწინებით.
მანამდე ლატვიის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების საბჭომ ტელეარხი „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა, ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში და რუსულ ჯართან მიმართებაში სიტყვა „ჩვენის“ გამოყენების გამო.
2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა, VDD-მ, დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.
1 დეკემბერს საღამოს ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.
მომდევნო დღეს, 2 დეკემბერს, ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
"დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ „დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევს", - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ.
„დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ თქვა, რომ არხი „რუსეთის არმიას არ უწევდა, არ უწევს და არ გაუწევს დახმარებას“.
ალექსი კოროსტილიოვმა მომხდარის კომენტირებისას "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ მას რუსეთის არმიისთვის დახმარების მოთხოვნით არასოდეს მიუმართავს.
კოროსტილიოვის თქმით, ის მობილიზებულებს მხოლოდ იმით ეხმარება, რომ მათზე საუბრობს.
"მე ამის კეთებას გავაგრძელებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ომის წინააღმდეგი ვარ, ამიტომაც ცხრა თვეა, რუსეთში არ ვცხოვრობ - უცნაურია ჩემში ეჭვის შეტანა, თითქოს შეჭრას ვემხრობოდე. სისულელეა“, - დაწერა ჟურნალისტმა.
კოროსტილიოვის გათავისუფლების შემდეგ, „დოჟდიდან“ წასვლის შესახებ განაცხადეს ჟურნალისტებმა ვლადიმირ რომენსკიმ და მარგარიტა ლიუტოვამ.
აგვისტოში ცნობილმა ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა მოითხოვა ქვეყანაში „დოჟდის“ ჟურნალისტების მუშაობის აკრძალვა იმ ინტერვიუს გამო, რომელიც რიგის მერ მარტინშ სტაკისისგან ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ აიღო. რეჟისორის უკმაყოფილება, კერძოდ, რიგაში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვებმა გამოიწვია. თუმცა, თავად მერმა განაცხადა, რომ " ინტერვიუ კორექტული იყო.“
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ცნობების“ გავრცელებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების გამო, „დოჟდის“ რედაქციამ ჯერ შეაჩერა მუშაობა, შემდეგ კი დატოვა რუსეთი. რუსეთში ტელეარხის ვებგვერდი გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაბლოკილია. „დოჟდი“ მაუწყებლობს რიგიდან, ხოლო ცალკეული სტუდიები ასევე ფუნქციონირებენ ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში.