ინტერპოლმა უარი უთხრა რუსეთს ჟურნალისტების, ალექსანდრე ნევზოროვისა და ანდრეი სოლდატოვის, ბლოგერ ვერონიკა ბელოცერკოვსკაიასა და ყოფილი პოლიციელის, ოლეგ კაშინცევის, ექსტრადიციაზე. ყველა მათგანი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და იძებნა რუსეთის არმიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცნობების და ყალბი ახალი ამბების გავრცელების მუხლით.
გამოცემა „აგენტურის“ თანახმად, ინტერპოლი ამ პირების დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ვინაიდან სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არსებობს პასუხისმგებლობა "ფეიკებისა" და არმიის დისკრედიტაციის მუხლებით, ინტერპოლი არ მიიჩნევს შესაძლებლად ექსტრადიციას რუსეთის მოთხოვნით.
ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვს რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა, რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შესახებ გავრცელებული კომენტარების გამო. ჟურნალისტმა ამ თავდასხმას "მიზანმიმართული" უწოდა და აღნიშნა, რომ სამხედროთა მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე ომის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს.
ასევე ნახეთ ალექსანდრ ნევზოროვს და მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭესანდრეი სოლდატოვი არის გამომძიებელი ჟურნალისტი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ის დამოუკიდებელ მედიაში ხშირად აშუქებდა სპეცსამსახურების რეაქციას რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებზე.
ვერონიკა ბელოცერკოვსკაია პოპულარული ბლოგერია. მისი მთავარი თემებია სოციალური ცხოვრება და კულინარიული რეცეპტები. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბელოცერკოვსკაიამ დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში, იგი გახდა პირველი ბლოგერი, ვისაც აპრილში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. იგი ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
ოლეგ კაშინცევი პოლიციის გადამდგარი მაიორია. უკრაინაში ომის დაწყებამდეც ის საჯაროდ იცავდა კრემლის კრიტიკოს პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის. შემდეგ კი აქტიურად გამოდიოდა უკრაინაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ.
- უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 მარტს ხელი მოაწერა ახალ კანონს სიყალბისა და რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ.
- ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ, გათვალისწინებულია 30-დან 50 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმა. რუსეთის მოქალაქეების აქციისკენ მოწოდება კი 50 000-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმით ისჯება.
- ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „რუსეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“.
- ამ მუხლებით ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რუსეთში ამ მუხლებით უკვე რამდენიმე ათეული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.