რუსული წყაროებით ვრცელდება ცნობები ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე დრონით შეტევის შესახებ

საილუსტრაციო ფოტო

დღეს დილით, რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე მოხდა შეტევა ჯერჯერობით დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატით. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Baza იუწყება. მისი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებულია 2 თვითმფრინავი.

კიდევ ერთი რუსული გამოცემა ASTRA წერს, რომ დრონით შეტევა მოხდა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის საავიაციო ბაზაზე. დაიჭრა 2 სამხედრო მოსამსახურე და დაზიანდა 2 ბომბდამშენი ტუ-95. ASTRA ყურადღებას ამახვილებს უკრაინული წყაროებით 3 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის დასაბომბად ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ ენგელსში მდებარე აეროდრომიდან.

ასევე ნახეთ აფეთქება მოხდა რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე

დღეს აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე, სადაც წინასწარი ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა. რუსული სააგენტო „ტასის“ თანახმად, აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, აეროდრომზე ბენზინმზიდი აფეთქდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.