მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მოთხოვნას აბსურდულს უწოდებს

მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „პირველ არხთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ 3 დეკემბრის აქციას და განაცხადა, რომ ამ აქციის მთავარი მოტივი იყო არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის ბრძოლა, არამედ პარტიის შიგნით არჩევნებისთვის ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება - „ვინ უფრო მეტად წარმოაჩენდა თავს, სააკაშვილის თავისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში“.

სარჯველაძის შეფასებით, ასეთი ტიპის აქციების გამართვით „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მეტ შედომას უშვებს, რადგან, მისი აზრით, აქციის მოთხოვნა აბსურდულია.

„მე მგონი კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებენ, როდესაც ასეთი ტიპის აქციებს აკეთებენ, მით უმეტეს, რომ ვერ ახერხებენ ადამიანების რაღაც რაოდენობას მაინც მოუყარონ თავი, რომ ამით მაინც შეიძინონ მეტი დამაჯერებლობა. იმის გათვალისწინებით, რამდენი პოლიციელი და მედიის წარმომადგენლები იყვნენ, ალბათ, აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა ზუსტად იმდენი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენი წარმომადგენელიც შეიძლება, პარლამენტის დარბაზში ვიხილოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა.

ასევე ნახეთ „არ მოკლათ“ - „ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

2 დეკემბერს გასაჯაროვდა ამერიკელი ექიმის, დევით სმიტის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი და რომ, სავარაუდოდ, ეს ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში მისი შესვლის შემდეგ მოხვდა.

სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე გეგმავენ ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დაყენებას.