ერთ ფიქტიურ მისამართზე 300 რუსული ბიზნესი - რატომ ხდება ასე საქართველოში?

რუსეთის მოქალაქეები ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მასობრივად დაიძრნენ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ. რუსული მიგრაციული ტალთა 2022 წლის 27 სექტემბერს

ოფიციალური მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ ყოველთვიურად საქართველოში საშუალოდ 1 400 ახალი ბიზნესსუბიექტი რეგისტრირდება რუსეთის მოქალაქეების მიერ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული წარმოშობის ბიზნესების რიცხვი 11 ათასს აჭარბებს. რეგისტრაციის დოკუმენტაციის შესწავლა აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას ან ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მისაღებად მასობრივად იყენებენ ფიქტიურ მისამართებს და ტელეფონის ნომრებს.

რატომ არეგისტრირებენ რუსეთის მოქალაქეები კომპანიებს, თუკი მათი უმრავლესობა აქ რეალურად არ მუშაობს?

15 აგვისტოს შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული ბიზნესების ნახევარზე მეტი, 2 288, თბილისზე მოდის. რეგიონებიდან ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი ბოლო თვეებში სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაჩნდა.

ფიქტიური მისამართები და ტელეფონის ნომრები

არაერთი შემთხვევაა, როცა ერთსა და იმავე მისამართზე რამდენიმე ათეული მეწარმეა რეგისტრირებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ კონკრეტული მისამართები ქართველი მეპატრონეების თანხმობით მხოლოდ დოკუმენტაციისთვის არის მითითებული.

მაგალითად, ადიგენში, სოფელ ვარხანში მანუჩარ ჭაღიაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართზე 2022 წელს ასზე მეტი რუსეთის მოქალაქე ინდმეწარმე და ერთი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ადგილობრივი მედია ტვ 9 სექტემბერში წერდა, რომ ამ მისამართზე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები რეგისტრაციისთვის იყენებენ, არათუ მეწარმეები, თავად პატრონიც კი არ ცხოვრობს.

სოფელ ვარხანში მანუჩარ ჭიღიაშვილის სახლი ერთადერთი მისამართი არ არის, სადაც ბევრი რუსული წარმოშობის ბიზნესია რეგისტრირებული. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი აბი აქვს მითითებული სამასამდე რუსულ კომპანიას და მეწარმეს.

საკადასტრო რუკაზე ადგილები, სადაც ბიზნესებია რეგისტრირებული, დაუსახლებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწებია. ამ ნაკვეთებამდე არც გზა მიდის, არც სხვა კომუნიკაციები. საკადასტრო რუკების მიხედვით, ამ მდელოებზე შენობებსაც კი ძნელად იპოვით. სწორედ ასეთი, დაუსახლებელი მდელო ეკუთვნის ახალციხის სოფელ აბში უჩა ყირმისაშვილს, რომელსაც 200-მდე რუსეთის მოქალაქე უთითებს რეგისტრაციის ადგილად. უჩა ყირმისაშვილს ახალციხის მუნიციპალიტეტში 4 სხვადასხვა მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, რაც ჯამში 5 ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს. ეს ნაკვეთები მან 2020 წელს სპორადული* წესით დაირეგისტრირა.მსგავსი რამ ხდება ქუთაისში, თბილისში, ამბროლაურში, ბორჯომში, რუსთავში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.

  • ბორჯომში, მესხეთის ქუჩის 31 ნომერში მშენებარე ფართი რეგისტრაციის მისამართად გამოყენებული აქვს 451 რუსეთის მოქალაქეს;
  • რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირზე, 19 ნომერში ნახევარსარდაფს იყენებს მისამართად ბოლო სამ თვეში რეგისტირებული 10-მდე ინდივიდუალური მეწარმე - ეს მისამართი 2022 წელს ჯამში 120-ჯერ გამოიყენეს ბიზნესის რეგისტრაციისთვის;
  • ადიგენში, სოფელ უნწის ბაღები 2022 წელს 70-ზე მეტმა მეწარმემ გამოიყენა რეგისტრაციის მისამართად;
  • 9 ბიზნესს ბათუმისა და თბილისის სასტუმროების ნომრები აქვს მითითებული ოფიციალურ მისამართად. აგვისტომდე რეგისტირებული რუსული წარმოშობის ბიზნესები რეგისტრაციის ადგილად იყენებდნენ ასევე დუშეთში, სოფელ კაიშაურებში მდებარე სასტუმროს ნომრებს;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხვანჭკარასთან ახლოს, ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე 168 რუსული წარმოშობის ბიზნესია რეგისტრირებული.

ამ ადგილის ოფიციალური მისამართია: ამბროლაურის რაიონი, ადმინისტრაციული ერთეული ხვანჭკარა, ბლოკი N001, ნაკვეთი N047, ნამოსახლევი.

იმისათვის, რომ უცხოეთის მოქალაქემ უძრავი ქონება თავისი ბიზნესის რეგისტრაციის მისამართად გააფორმოს, მას მფლობელის წერილობითი თანხმობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდება. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს თავიანთ მიწებზე, სახლებსა თუ სასტუმროებზე რეგისტრაციის უფლებას აძლევენ, როგორც წესი, სხვა, მესამე პირებს იყენებენ. რეგისტრაციის დოკუმენტაციაში ქართველი მეპატრონეების გვერდით ჩანან ისინიც, ვინც მათი მინდობილობით სარგებლობენ და რუსეთის მოქალაქეებს რეესტრში საბუთების წარმოებისას ეხმარებიან.

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ახლად რეგისტირებული ბიზნესების დიდი ნაწილის შემთხვევაში ფიქტიურია არა მხოლოდ მისამართები, ის ტელეფონის ნომრებიც, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრის დოკუმენტებში. რადიო თავისუფლებამ 3 დღის განმავლობასი ასეთ რამდენიმე ათეულ ნომერზე დარეკა. ქართული მობილური ოპერატორების ნომრები „გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“.

მაგალითად, ამ ათეულობით მეწარმიდან ერთ-ერთი, ვისთანაც ჩვენ ვცდილობდით დაკავშირებას, საქართველოში წმინდა ნინოს სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, 33 წლის მოსკოველი კრისტინა როჟინაა. მან საქველმოქმედო ფონდი 31 ოქტომბერს დააფუძნა ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედა სამებაში. ამ მისამართზე 2022 წელს, ყველაზე ცოტა, კიდევ ხუთმა რუსეთის მოქალაქემ დაარეგისტრირა საკუთარი ბიზნესი. კრისტინა როჟინას ტელეფონი გამორთული იყო ამ სტატიაზე მუშაობის პერიოდში, მისი გამოქვეყნების ჩათვლით.

საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
რეგისტრაციის პროცედურა მარტივია და ამისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/ უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტი და განცხადება, რომელსაც საჯარო რეესტრის ოპერატორთან ერთად შეავსებთ. განცხადებაში მითითებული იყო მისამართი და ტელეფონის ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტირდებით პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს თქვენს საკუთრებას, საჭიროა მესაკუთრის თანხმობა ან ნოტარიულად დამოწმებული იჯარის/ქირავნობის/თხოვების ხელშეკრულება.
ინდმეწარმედ რეგისტრაციის პროცედურას ყველაზე მეტი, შესაძლოა ერთი თვე დაჭირდეს - სერვისის საფასური დამოკიდებულია ვადებზე და არ აღემატება 100 ლარს.
ასევე ნახეთ ბოდიში, ქართულად ვერ ვლაპარაკობ - რუსული ბიზნესები ქართული ენის გარეშე

საქართველოში ბიზნესმენის სტატუსი - გზა სანქციების გვერდის ასავლელად?

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში რუსული ბიზნესების რეგისტრაციის ტემპი მთელი წლის განმავლობაში მაღალია და მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის მიგრაციის პირველ და მეორე ტალღას შორის. 21 სექტემბრის, ანუ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე თვეში თითქმის იმდენივე რუსული ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა, რამდენიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მხოლოდ ოქტომბერში 1916-მა რუსეთის მოქალაქემ დაარეგისტრირა ბიზნესი საქართველოში.

ქართულმა ბანკებმა ჯერ კიდევ 4 მარტს დაიწყეს იმაზე მუშაობა, როგორ შეეზღუდათ რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნის პროცედურა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართული საბანკო სერვისებით სრულად სარგებლობისთვის ერთ-ერთი მარტივი გზა აქ ბიზნესის რეგისტრაციაა. საქართველოში ბიზნესსუბიექტებად რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი ავტომატურად აგზავნის რამდენიმე ქართულ ბანკში მოთხოვნას ანგარიშის გახსნის შესახებ. ბიზნესის რეგისტრაციისას ანგარიშის გასახსნელად მეწარმეს ან კომპანიის დამფუძნებელს ბანკში მისვლაც კი არ სჭირდება.

საქართველოში ინდმეწარმის სტატუსი დაბალ გადასახადებსაც გულისხმობს - ინდმეწარმეები შემოსავლის მხოლოდ 1%-ს იხდიან ბიუჯეტში, მაშინ როცა სხვა შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მცირე 20%-ია. იმ 11 ათასზე მეტი რუსული წარმოშობის ბიზნესიდან, რაც საქართველოში 2022 წელს დარეგისტრირდა, 90%-ზე მეტი სწორედ ინდმეწარმის სტატუსით სარგებლობს.

ინდივიდუალური მეწარმე იხდის 500,000-ის მხოლოდ 1%-ს წელიწადში ბრუნვიდან, მაგრამ თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს 500,000 ლარს იბეგრება ბრუნვის 3%.

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში იღებენ Visa და Mastercard ბარათებს, რომლითაც შემდეგ ისევე აგრძელებენ ცხოვრებას, როგორც უკრაინის ომში სანქციების დაწესებამდე. რუსეთის მოქალაქეები ამ ქვეყნებში აკეთებენ განაცხადს შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდისა და სადაზღვევო ნომრისთვის, რაც საბანკო ბარათების მისაღებად სჭირდებათ“, - ნათქვამია 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფს ეკუთვნის. მას მისი თანათავმჯდომარეების გვარებით, ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის სახელითაც იცნობენ. ეს ამ ჯგუფის რიგით მეცხრე დოკუმენტია.

IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში 6 ათასიდან 10 ათასამდე ანგარიშს ხსნიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის 31 აგვისტოს 60 ათასზე მეტ რუსეთის მოქალაქეს ჰქონდა აქტიური ანგარიში ქართულ ბანკებში.

ასევე ნახეთ "Go Home" - რას უწერენ რუსებს თბილისის ქუჩებში

* სპორადული რეგისტრაცია მიწის რეგისტრაციის გამარტივებული ფორმაა, რომელიც ხდება დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.