სახალხო დამცველის აპარატი მსჯელობს, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობას. ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს, რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში.

„ჩვენ გადმოგვეცა დასკვნა კონფიდენციალურად. ამ წუთის მდგომარეობით, მე არ მაქვს დასტური, რომ მე ან ჩემმა ექიმებმა საჯაროდ ვისაუბროთ დიაგნოზების და დასკვნის შინაარსის თაობაზე. ამიტომ, ამ გარემოებებს დავაზუსტებთ. თუ გვექნება თანხმობა, უფრო მეტადაც ვისაუბრებთ. ჩემს სამედიცინო კონსილიუმთან აქტიური კონსულტაციები მაქვს, გავაცანით ეს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში სახალხო დამცველი, მათ შორის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენ აქტიურად გვაქვს კომუნიკაცია კონსილიუმთან. დღეს გარკვეული საკითხები იყო დასაზუსტებელი, რის გამოც ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით მისმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიმართვას დართული აქვს ექსპერტიზის დასკვნა.

ასევე ნახეთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატმა სასამართლოს მიმართა

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.