ჩეხეთის ელჩისგან განმარტებები საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს

პეტრ მიკისკა, ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა, რომელმაც 2 დღის წინ საქართველოში ჩეხური ექსპორტის ნაწილის, სავარაუდოდ, რუსეთში გასვლაზე ისაუბრა, განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, "რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას".

საქართველოს მიერ სანქციების სავარაუდო გვერდის ავლაზე ელჩმა 30 ნოემბერს "თავისუფალი რუსეთისა" და ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩეხეთის ელჩმა ქართულ მხარეს უთხრა, რომ, სამწუხაროდ, მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და ამან არასწორი ინტერპრეტაციები წარმოქმნა.

"მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს", - წერს სამინისტრო.

სამინისტროში დაბარებამდე, ჩეხეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ელჩის კომენტარს "დიპლომატიური რეაგირება" მოჰყვება.

"თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია. ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ. თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, რეაგირება გვექნება. თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება. ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა. დიპლომატიური - რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ", - თქვა კობახიძემ.

ამ თემას გამოეხმაურა ასევე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე. მან ელჩ მიკისკას მტკიცებულებები მოსთხოვა.

"თუკი ასეთი რამ გაკეთდა, ამას სჭირდება მტკიცებულებები, როცა ცოტა უხერხულ თემებზეა ხოლმე საუბარი. ჩვენ ბევრი მოვისმინეთ, ასეთი კი არა, გაცილებით ცუდი განცხადებები ამ ქვეყნისთვის. არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ხალხი ამბობდა, ჩვენი პარლამენტარები ამბობდნენ, შავი ხვრელიაო საქართველოო სანქციების. ესეც კი იკადრეს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ჩეხეთის ელჩის განცხადებებზე ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.

ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთისა" და ლიეტუვის საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე კითხვა დასვა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ: "ომის ფონზე "ქართული ოცნების" მთავრობამ უღალატა პარტნიორებს... უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე განვითარებას? რა შედეგები მოჰყვება "ქართული ოცნების" ამ ტიპის პოზიციებს ქვეყნისთვის და არა მთავრობისთვის?"

ელჩმა პეტრ მიკისკამ პასუხად თქვა, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია პასუხის გაცემა კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე უარყოფითი შედეგები:

"სინამდვილეში, არა მხოლოდ ჩეხეთი, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი აგროვებს ინფორმაციას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მთავრობის პოზიციებზე სანქციებისა და რუსეთის მიმართ. ზოგჯერ მარტივი არაა ჩვენთვისაც კი იმის გარკვევა, რომ შეიძლება ჩვენც ჩართული ვიყოთ".

ამის შემდეგ ელჩმა ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდაზე დაიწყო საუბარი და აღნიშნა, რომ "საკმაოდ დარწმუნებულია", რომ ექსპორტის ნაწილი რუსეთში გადის.

"გასულ წელთან შედარებით, წლის დასაწყისიდან, მაგალითად, ჩეხური პროდუქტების ექსპორტი საქართველოში 80%-ით გაიზარდა. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, პანდემიის გავლენის მიუხედავადაც კი, ექსპორტის რეკორდული რიცხვი იყო.

ასე რომ, ჩვენ საკმაოდ დარწმუნებული ვართ, რომ ამ [ექსპორტის] ზრდის ნაწილი მაინც რუსეთში გადის. ჯერჯერობით, აქამდე, ვერ შევძელით, დაგვედგინა, ეს პროდუქტები ნამდვილად ჩრდილოეთისკენ მიდის თუ არა. თუკი ეს საწარმოო საქონელია, ეკონომიკა ისე არ ვითარდება, რომ შთანთქას ჩეხეთიდან ექსპორტი. თუკი სამომხმარებლო საქონელია, იგივეა - მომხმარებლებში ასე არ გაზრდილა ჩეხური პროდუქტების მიმართ სიყვარული. ასე რომ, ეს სადღაც უნდა მიდიოდეს და ჩვენ გვსურს, გავიგოთ [სად], თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ გზა, როგორ აისახოს ეს სტატისტიკაში", - განაცხადა ელჩმა.

პეტრ მიკისკას თქმით, ამ მიმართულებას დააკვირდებიან და ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შეაფასებენ საქართველოს მზადყოფნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.

"არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის კუთხით [შევაფასებთ], დიდი ხნის წინ ჩვენს კრიტერიუმებში შევიტანეთ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებები. თუკი ახლოდან დააკვირდებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელი [აქვს საქართველოს], ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას. ზოგჯერ რთულია იმის გაგება, რატომ არ იზიარებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმზე".

ჩეხეთის საელჩომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ჩეხეთიდან იმპორტის ზრდას გამოეხმაურა შემოსავლების სამსხური.

"ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია: მათ შორის დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა, გაათავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, უკეთ დაიცვას უმცირესობების უფლებები, ებრძოლოს კორუფციას და სხვა.