კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი, ვასილ კაკაშვილი მივიდა. სააკაშვილის მონახულებამდე მან მედიას უთხრა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებაზე მისი პოზიციის მოსასმენად და ნიმუშების ასაღებად მივიდა. ვასილ კაკაშვილის განცხადებით, ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა მისი მოწამვლის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.
„საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზები. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ადვოკატირების მოქმედების საფუძველზე დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზები. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე არიან ჩართულნი გამოძიების პროცესში, ფაქტობრივად, ეცნობოდნენ საქმის მასალებს, არ გაჟღერებულა, რომ შესაძლოა, რაიმე უცხო სხეული ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა თავდაპირველად არ დანიშნულა და ეს არასწორი განცხადებაა, რომელიც გაკეთდა, იმიტომ რომ საქმის მასალებსა და დადგენილებას ადვოკატები გაეცნენ და ჩვენთვის უცნობია, რატომ გამოიტანეს ეს დასკვნა. ადვოკატები ყველა ექსპერტიზის დადგენილებას გაეცნენ“, - თქვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე. მისივე განმარტებით, ექსპერტიზა ჩატარდება მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღებენ თანხმობას.
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
ასევე ნახეთ "გათავისუფლებას გვთხოვენ, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ" - კობახიძე სააკაშვილზესაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ, მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.