უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის და დონეცკის ოლქებში და თავდაცვის ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს 30 საავიაციო იერიში და 35-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 19 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 3 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 4 მართვის პუნქტი და 5 სხვა სამხედრო ობიექტი.