1 დეკემბერს ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში ცნობილი რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრ სუვოროვის ძეგლი აიღეს. ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება იზმაილის საკრებულოს სხდომაზე 11 ნოემბერს მიიღეს.
ადგილობრივი გამოცემა "იუგ თუდეის" თანახმად, დემონტაჟის შემდეგ ქანდაკებას მუნიციპალური საწარმოს, "იზმაილის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ობიექტების მართვის "ტერიტორიაზე გადაიტანენ.
30 ნოემბერს ოდესის ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ მოიხსნას ორი მონუმენტი. ერთი ეძღვნება ალექსანდრ სუვოროვს, მეორე - „ოდესის დამაარსებლებს“. ეს უკანასკნელი უფრო ცნობილია რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ძეგლის სახელით.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ, იცვლება დასახლებების, ქუჩების, სკვერებისა და პარკების სახელები, ასევე იღებენ ძეგლებსა და მემორიალურ დაფებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ან საბჭოთა კავშირის ისტორიასთან. ადრე ვერხოვნა რადამ ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკის თავისი ისტორიული სახელი ზვიაგელი დაუბრუნა, ხოლო ხარკოვში პოეტ ალექსანდრ პუშკინის ბიუსტი და საბჭოთა მარშალ გეორგი ჟუკოვის ძეგლი აიღეს.