ოდესის ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ მოიხსნას ორი მონუმენტი. ერთი ეძღვნება ალექსანდრ სუვოროვს, მეორე - „ოდესის დამაარსებლებს“. ეს უკანასკნელი უფრო ცნობილია რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ძეგლის სახელით.
30 ნოემბერს ამ ორი ძეგლის დემონტაჟს მხარი დაუჭირა დეპუტატების 90%-მა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ოდესის მერის, ჰენადი ტრუხანოვის თქმით, ადრე გათვალისწინებული იყო, ქალაქში შექმნილიყო იმპერიული წარსულის პარკი, სადაც შეიძლება გადაიტანონ ეკატერინე II-ის ძეგლი. მანამდე ის მუზეუმს გადაეცემა შესანახად.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ოდესის ხელისუფლებამ არაერთხელ შეიცვალა აზრი „ოდესის დამაარსებელთა“ ბედის შესახებ. თავდაპირველად ჩინოვნიკები „ისტორიის განადგურების“ წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეიცვალეს.
ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟის წინადადება უკვე განიხილებოდა ქალაქის საბჭოს წინა სხდომაზე, მაგრამ მაშინ დეპუტატებს ხმები არ ეყოთ გადაწყვეტილების მისაღებად.
ოქტომბერში ჩატარდა ელექტრონული გამოკითხვა „ოდესის დამაარსებელთა“ ძეგლის თაობაზე. თითქმის ოთხი ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი მის სრულ დემონტაჟს.
რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრ სუვოროვის ძეგლი ოდესაში 2012 წლიდან დგას.
ეკატერინე II ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს ითვლებოდა ოდესის დამაარსებლად. მისი ძეგლი დაიდგა ქალაქის დაარსების მეასე წლისთავზე, 1894 წელს. 1917 წელს ძეგლი მოხსნეს და ის კვლავ აღადგინეს უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ასევე ნახეთ პუშკინცვენა - რას ერჩიან ალექსანდრ სერგეის ძეს?