მეგი ბაქრაძის ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ისევ არ არსებობს

ფოტო არქივიდან: მეგი ბაქრაძე აცრამდე რამდენიმე წუთით ადრე

ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ისევ არ არსებობს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დოკუმენტი დასკვნით ეტაპზეა.

"ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ მოწვეულმა თურქმა ექსპერტმა უკვე დაასრულა კვლევა. ამჟამად ექსპერტიზის დასკვნა არის დასკვნით ეტაპზე და გადის ადმინისტრაციულ შემოწმებას, რომელიც დასრულდება უახლოეს პერიოდში", - აცხადებენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში.

კოვიდვაქცინაციის შემდეგ ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გახდა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი, რომ ექსპერტიზაში ერთვებოდა თურქი ექსპერტი.

ექთანი მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. იგი საქართველოში ვაქცინაციის დაწყების მესამე დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა "იმედში" აცრა კოლეგამ. ნემსის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა, მოგვიანებით გონება დაკარგა და რამდენიმე საათის შემდეგ რეანიმობილმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

უშუალოდ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული. გამოძიებამ მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ ექთანს ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად ნემსი არ გაუკეთეს.