საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „უკიდურესად საშიშსა და არასწორს“ უწოდებს ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარი შემზარავი ფაქტის მედიისთვის გადაბრალებას.
„თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია“, - წერს ნინო ლომჯარია თავის ფეისბუკგვერდზე.
თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა; ხოლო ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ იღუმენიასა და მონაზვნებს. ლაპარაკია 1952 წელს დაბადებულ მონაზონზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე. მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
ომბუდსმენის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის წამახალისებელია.
„ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა“, - წერია განცხადებაში.
მედიის ბრალეულობაზე ლაპარაკია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში, რომელიც ფეისბუკგვერდზე 26 ნოემბერს გამოქვეყნდა.
თერჯოლასა და ხაშურში მომხდარ შემზარავ ფაქტებს დეკანოზი აბრალებს „გამალებულ და ორგანიზებულ ანტიეკლესიურ კამპანიას“, რომელსაც, მისი აზრით, საქართველოში კრიტიკული ტელეარხები, თეოლოგები და ექსპერტები აღვივებენ. ტექსტში დასახელებულია სამი ტელევიზია.
„საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით“, - წერს ჯაღმაიძე.
26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს - 27 და 39 წლის კაცები. ისინი წარსულში ნასამართლევი არიან. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.