მილიონობით უკრაინელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ხერსონის რკინიგზის სადგური

25 ნოემბერს უკრაინაში სპეციალისტები განაგრძობენ მუშაობას იმ მიზნით, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დაუბრუნდეს მილიონობით სახლს - მიმდინარე კვირაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის წყლისა და გათბობის ობიექტებზე.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს მიმართვაში თქვა, რომ ქვეყანაში 6 მილიონ სახლზე მეტი სიბნელეშია დარჩენილი.

"ამ საღამოს ელექტროენერგიის გათიშვა გრძელდება რეგიონების უმრავლესობაში და კიევში" - თქვა ზელენსკიმ.

თუმცა, მისი თქმით, სპეციალისტებმა შეძლეს დაზარალებული ადგილები "გაენახევრებინათ" 23 ნოემბრის შემდეგ, როცა განხორციელდა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი შეტევა.

ასევე ნახეთ “მთავარია, რუსების გარეშე” - კიევი მოსკოვისა და ენერგოკრიზისისგან იცავს თავს 

დედაქალაქის გარდა, ზელენსკის თქმით, კრიზისი მწვავედ შეეხო ოდესას, ლვოვს, ვინიცას და დნეპროპეტროვსკს.

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა 25 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აქტიური ბრძოლები გრძელდება ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.