ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების მნიშვნელობაზე საუბრისას განმარტა, რომ ეს ნიშნავს, შექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც არ იარსებებს ვინმეს პირადი ინტერესები და გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე. ამის შესახებ მან დღეს, 24 ნოემბერს, სასტუმრო "პულმან თბილისში", სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ელჩის თქმით, ვინაიდან საქართველომ დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, "ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.
"დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ევროკავშირმა ჩაწერა 12 პუნქტში. ეს არ არის მარტივი პირობა. მე ვიცი, რომ ამაზე კანონპროექტი მეორე მოსმენითაა მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი კომისიის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული. ამ საკითხზე ისაუბრა კომისამა [ოლივერ] ვარჰეიმაც გასულ კვირას თბილისში ვიზიტისას. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განავითარებს ამ პროცესს.
დეოლიგარქიზაცია ესაა ჩარჩოს, სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებშიც არ არსებობს პირადი არამართლზომიერი გავლენა პოლიტიკაზე. საქართველომ გადაწყვიტა, ეს გააკეთოს კანონის მიღების გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონპროექტს გაგზავნიან დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და მათი რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მან, ასევე, ზოგადად შეაფასა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და ისაუბრა იმ ვადებზე, რა დროშიც ევროკავშირმა უკვე საბოლოოდ უნდა შეაფასოს საქართველო:
"ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, ჯერ კიდევ არის დრო. კალენდრის მიხედვით, ჩვენ მომდევნო წლის გაზაფხულზე შევაფასებთ რეკომენდაციების შესრულებას, ხოლო ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდება მხოლოდ მომდევნო წლის ოქტომბერში. ამის შემდეგ, მომდევნო წლის ბოლომდე, ჩვენი ლიდერები, ევროპული საბჭო შეაფასებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს. დრო არის. მე ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ამბიციური დროის პერიოდი დაუსახა და პარლამენტში მიმდინარეობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პროცესი გაიმართოს ძალიან ინკლუზიურად და კონსტრუქციულად, სადაც ჩართული იქნება ყველა, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება".
ასევე ნახეთ დეგნანი: მნიშვნელოვანია, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიამ მიმოიხილოს
დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.
პარლამენტი ვენეციის კომისიისადმი კანონპროექტის გაგზავნას არ ჩქარობს, საპარლამენტო უმრავლესობის პარტია "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიისგან უკრაინული კანონის შეფასებას ელოდება.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინული კანონის დასკვნაზე მათ ვენეციის კომისიას ოფიციალურად მიმართეს კითხვით, რათა "რეალურად გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე".
"რა თქმა უნდა, როცა გვექნება ამ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაცია და ოფიციალური დასტური, თუ რა რეალობაა კანონთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გვექნება სამომავლო ნაბიჯები და გეგმები".
ასევე ნახეთ დეოლიგარქიზაცია: "ოცნების" პროექტით ოლიგარქების სიას ღარიბაშვილის მთავრობა შეადგენს
ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს - ვენეციის კომისიის - დასკვნები სარეკომენდაციო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის დემოკრატიულ პრინციპებთან ჰარმონიზაციას ისახავენ მიზნად.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას 2021 წლის ნოემბერში, ომამდე 3 თვით ადრე მოაწერა ხელი. ასამოქმედებლად განისაზღვრა 180 დღე და ახალი კანონი 2022 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში. უკრაინის მედიის ცნობით, პროცესები ომმა შეაფერხა.
არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის მიიღებს რუსეთთან ომში ჩართული უკრაინა ვენეციის კომისიის დასკვნას.