მაია სანდუ: "რუსეთის რეჟიმი სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს"

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ ელექტროენერგიით მომარაგების შეფერხებები გამოიწვია მოლდოვის თითქმის მთელს ტერიტორიაზე.

ხელისუფლების ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ქვეყნის დასახლებული პუნქტების დიდი უმრავლესობა. მიზეზია ავარიული გათიშვა ენერგომომარაგების სისტემაში. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობდა შუქნიშნები. შეფერხებებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კვლავ დაიწყო ელექტრომომარაგების აღდგენა.

უშუქოდ დარჩა ასევე დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ფეისბუკზე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება. „ჩვენ ვერ ვენდობით რეჟიმს, რომელიც სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს, რეჟიმს, რომელიც გამიზნულად კლავს ადამიანებს უბრალოდ იმის გამო, რომ მას სურს, სხვა ხალხები სიღატაკესა და უღირს პირობებში ამყოფოს. რაც უფრო რთული უნდა იყოს ეს ახლა, ჩვენმა ერთადერთმა გზამ, მოლდოვის რესპუბლიკის გზამ, თავისუფალი მსოფლიოს მიმართულებით უნდა წაგვიყვანოს,“ დაწერა სანდუმ. მან ასევე პირობა დადო, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა გადაიჭრება და სახლებს კვლავ დაუბრუნდება შუქი.

მოლდოვაში ელექტროენერგია გაითიშა 15 ნოემბერსაც, როცა რუსეთმა მორიგი მასირებული იერიში განახორციელა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, საიდანაც იღებს მოლდოვა ელექტროენერგიას.

კიშინიოვში უკანასკნელი კვირის განმავლობაში იმართება ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები. ოპოზიცია პროევროპულ ხელისუფლებას სდებს ბრალს ენერგეტიკულ კრიზისსა და ფასების ზრდაში. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები მილიარდერი ილან შორი, რუსეთთან არიან დაკავშირებული.