ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კონტრაქტი გააუქმა ფეხბურთის პორტუგალიელ ვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან. გუნდის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სპორტსმენი დაუყოვნებლივ ტოვებს კლუბს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე და მადლობას უხდის მას.
ახლახან რონალდუმ ინტერვიუ მისცა ბრიტანეთის ტელევიზიას. მან თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი და ის ერთმანეთის მიმართ არ არიან პატივისცემით განწყობილი. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, მას აიძულებდნენ, დაეტოვებინა გუნდი მწვრთნელთა შემადგენლობის შეცვლის ფონზე. რონალდუს ინტერვიუს შემდეგ კლუბმა ოფიციალურად განახადა საპასუხო ნაბიჯების შესახებ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა იტალიის „იუვენტუსიდან“. რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა. მაშინ მან სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, მოიპოვა ქვეყნის თასი და სუპერთასი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო.
სპორტული ჟურნალისტების ცნობით, რონალდუ შეიძლება აშშ-ისა და კანადის უმაღლეს ლიგაში გადავიდეს ან წავიდეს საუდის არაბეთში. იქ მზად არიან, მას მეტი ფული გადაუხადონ, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, პორტუგალიელს ევროპაში დარჩენა სურს, რათა ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. უკანასკნელი ინფორმაციით, რონალდუს კანდიდატურას განიხილავენ მადრიდის „რეალი“ და ლონდონის „ჩელსი“.