ახალგორელებისთვის ახალი საშვების გაცემა ჭიანურდება

გამშვები პუნქტი ახალგორთან. 2019 წელი

ოკუპირებული ახალგორიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქე გადმოვიდა. რაზდახანის, იმავე მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი მან დაუბრკოლებლად გაიარა, მხოლოდ დე ფაქტო კაგებეს ე.წ. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ ისედაც ვადაგასული სამოძრაო საშვი, 30 ნოემბრის შემდეგ, ძალადაკარგულად გამოცხადდება.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებთ, გვიყვება, რომ ახალი საშვის ასაღებად ადგილობრივ ადმინისტრაციას განცხადება და საბუთები თითქმის ერთი თვის წინ ჩააბარა, მაგრამ ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმშია. მისი თქმით, მსურველთა რაოდენობა დიდია, საშვი ყველას უნდა, როგორც დაბაში დარჩენილ მცხოვრებლებს, ასევე წეროვანის დევნილთა დასახლებაში იძულებით წასულ პირებს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი ადგილობრივი ადმინისტრაცია ნელა მუშაობს და არავინ იცის, 30 ნოემბრამდე მოესწრება თუ არა ახალი საშვების გაცემა.

„30 ნოემბერს გზას ისედაც ჩაკეტავენ და შემდეგ უკვე 20 დეკემბერს ისევ 10 დღით გახსნიან, მაგრამ თუ ადგილობრივებს ახალი საშვები არ ექნებათ, ისინი წინასაახალწლოდ ნათესავებთან მიმოსვლას, პროდუქტების მომარაგებას და საახალწლოდ მომზადებას ვერ შეძლებენ. თუ 20 დეკემბრამდე საშვი ვერ მივიღეთ, საახალწლოდ ისევ იზოლაციაში აღმოვჩნდებით“, - გვეუბნება ახალგორელი წყარო.

ასევე ნახეთ ახალგორელები გზის გახსნის მოლოდინში

ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ახალ საშვზე ბევრ ახალგორელს აქვს შეტანილი, თუმცა მისთვის ზუსტი რაოდენობა უცნობია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თინიკაშვილი აღნიშნავს, რომ წეროვანსა და სხვა დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგორელები ახლა დაბაში სწორედ ახალი საშვების მისაღებად ბრუნდებიან და როგორ პასუხს გასცემს მათ დე ფაქტო ადმინისტრაცია, ეს მხოლოდ 30 ნოემბრის შემდეგ გამოჩნდება.

„უმრავლესობას ახალ საშვზე მოთხოვნა უკვე შეტანილი აქვს, ახლა აქეთ წამოსული ახალგორელები დაბაში ბრუნდებიან, რომ იქნებ როგორმე ამ ათ დღეში მოასწრონ მიღება. დანარჩენი რა იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება. თვის ბოლომდე გამოჩნდება, თუ მოასწრებენ დამზადებას და ვინმეზე გაცემას. ძალიან ბევრი მსურველია საშვის მიღების, კონკრეტული რაოდენობის დასახელება გამიჭირდება“, - ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

გადაწყვეტილება ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მიიღო. გამარტივებული პროცედურით სარგებლობს ახალგორისა და ჯავის რეგიონის მოსახლეობა - ისინი ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ გადაადგილებას. საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე „რაზდახანი“ (ოძისი/მოსაბრუნი) და „პერეუ“ (პერევი). მიმდინარე წლის 31 ნოემბრამდე მოქალაქეებს გადაადგილება „ვადაგასული საშვებითაც“ შეუძლიათ.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა ათი დღით გაიხსნა

ოკუპირებული დაბის მოსახლეობა ამ ათ დღეს წეროვანში მცხოვრები ნათესავების მოსანახულებლად, ექიმთან ვიზიტისთვის, პენსიის მისაღებად, პროდუქტების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის იყენებს ხოლმე.

კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გაგლოევის ხელისუფლების მხრიდან ეს წინგადადგმული ნაბიჯია ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მისი აზრით, ახალგორელების მიმართ აქამდე მკაცრი რეჟიმი აშკარად შერბილებულია.

„დადებითი მოვლენაა, რომ თვეში ათი დღით მაინც იხსნება გზა. იმ ფონზე, რაც ბიბილოვმა (ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი) გააკეთა, ნამდვილად მისასალმებელია. ამოისუნთქეს ახალგორელებმა. ადგილობრივი მოსახლეობის მიმართაც აღარ არის ისეთი სიმკაცრე, როგორიც იყო. უფრო მეტი გაგებით ეკიდებიან. ახალგორელები თვითონაც ჩადიან ცხინვალში და იქ უფრო მეტად ღებულობენ, ყურადღებას აქცევენ და აშკარად ისე ხშირად აღარ მოდის ხმები დაპატიმრებებზე და გაუსაძლის მდგომარეობაზე“.

ზაქარეიშვილის დაკვირვებითმ ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განწყობები იცვლება, რადგან გრძნობენ, რომ რუსეთი მარცხდება და გაგლოევის ხელისუფლება მესიჯებს საქართველოს ხელისუფლების მისამართითაც აგზავნის.

პაატა ზაქარეიშვილი

„ჩრდილოეთ ოსეთიდან გაყვანილი ბევრი მებრძოლი იღუპება უკრაინაში. იმდენი არა, რამდენიც სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. აქვთ განცდა, რომ არ არის სწორი მათი მონაწილეობა ამ ომში. ეს იწვევს ომის საწინააღმდეგო განწყობებს, ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად ანტირუსული განწყობებია, თუმცა ესეც არის. ამ ყველაფერმა ბევრი რამ ეჭვქვეშ დააყენა ცხინვალში. მთავარი კითხვაა, როგორი იქნება მათი მომავალი? თუ რუსეთი აგებს, ხედავენ, რომ აგებს და ხერსონის შემდეგ ჩანს, რომ რუსეთი ცალსახად ვერ აღწევს თავის მიზნებს და ეს აფიქრებთ, როგორი მომავალი ექნება სამხრეთ ოსეთს. პირველად დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საჭიროა საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება. აშკარად ჩანს, რომ რაღაც მესიჯები მოდის. მე მგონი, რომ ისინი (დე ფაქტო ხელისუფლება) რაღაც მომენტს იჭერენ და საჭიროა ამის გამოყენება“.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა.

ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით, მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება, ახლა დაბაში და დაბის გარეთ მცხოვრები ახალგორელების მთავარი საზრუნავი ისაა, რომ სამგზავრო საშვი სწრაფად მიიღონ და გადაადგილებისას დაბრკოლებები არ შეექმნათ.

ასევე ნახეთ რუსი პოლკოვნიკი თავდაცვის მინისტრად - რას უნდა ნიშნავდეს?