პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ქვეყნის მეხუთე, მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა. როგორც ადვოკატმა პატიმრის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, აპირებს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია გააცნოს.
"დასკვნა რომ მოგვივა ოფიციალურად, შემდეგ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს. წესით, ეს იქნება ამ კვირაში. მოვითხოვ მე შეხვედრას, როგორც [მიხეილ] სააკაშვილის ადვოკატი, მას გავაცნობ და გადავცემ საექსპერტო დასკვნას და შემდგომ იქნება საუბარი მის პატიმრობასთან დაკავშირებით... მან მოისმინა და არანაირი კომენტარი არ გააკეთა [შეწყალებით მიმართვაზე]. შენ შეხვდი, დაელაპარაკე, გადაეცი ჩემი ავადმყოფობის ისტორია, ეს იყო მისი პოზიციები", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა, ამასთან, აცხადებს, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მე სახელმწიფოს მეთაური ვარ და არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდესსაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.