უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორშაბათს რუსეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ფორუმში ბირთვული ენერგიის თემატიკაზე. ეს კი, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი ქვეყნის ახლო კავშირებს მოსკოვთან.
პეტერ სიიარტო სიტყვით გამოვიდა ATOMEXPO-ს ორდღიანი ფორუმის გახსნაზე, რომელიც შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში იმართება - ვკითხულობთ ღონისძიების ვებსაიტზე.
ფორუმი სათაურით "ბირთვული გაზაფხული", მიემართება გლობალურ ატომურ მრეწველობას და წარმოადგენს "ბიზნეს-პლატფორმას ბირთვული ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის განხილვისთვის და სამომავლო ტენდენციების განსაზღვრისთვის", - აღნიშნულია ვებსაიტზე.
ორშაბათს, 21 ნოემბერს, სიიარტო ფეისბუკით წერდა, რომ რუსეთში შეხვედრებს გამართავს რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო სააგენტო "როსატომის" ხელმძღვანელობასთან და განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა უნდა გააფართოოს უნგრეთში მოქმედი ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგური. სიიარტოს თქმით, ეს პროექტი პასუხობს "უნგრეთის სტრატეგიულ და უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს".
სიიარტოს ვიზიტს განიხილავენ იმის მორიგ სიგნალად, რომ უნგრეთი რუსეთთან დიპლომატიურ და სავაჭრო კავშირებს ინარჩუნებს, მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სადამსჯელო სანქციების მიუხედავად.