„გარშემო ყველას ვირუსი აქვს“ - რა ტიპის ვირუსები ტრიალებს და რა უნდა ვიცოდეთ?

დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შესაბამისად, ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ისინი თვლიან, რომ დღეს, ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაციაც - ომიკრონი, არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მსუბუქია.

დარგის სპეციალისტები ალაპარაკდნენ მსოფლიოში ე.წ. ტრიპლდემიის რისკზეც, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის - გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას.

რომელი ვირუსები ცირკულირებს?

რინოვირუსი, ადენოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსი - ეს იმ ვირუსების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ქვეყანაში, ამ სეზონზე, აქტიურად ტრიალებს. გარდა ამ ვირუსებისა, გასულ კვირაში, საქართველოში უკვე ოფიციალურად დადასტურდა გრიპის, ე.წ. ჰონგ-კონგისა (H3N2 ) და ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) შემთხვევებიც.

საფრანგეთი, 2017 წელი. ქვეყანაში H3N2-ის აფეთქების გამო ხანდაზმული მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იმატა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთ კვირაში, ლუგარის ცენტრმა ოფიციალურად დაადასტურა სეზონური გრიპის 10 შემთხვევა, რაც გასულ სეზონთან შედარებით ნახტომისებური მაჩვენებელია. მისი თქმით, 2020-21 წლის მთელ სეზონზე, ექვსი თვის განმავლობაში, გრიპის მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა.

ივანე ჩხაიძე

“წლევანდელი წელი წინა წლებისგან გამოირჩევა. წელს დომინირებს A ტიპის ვირუსი და მის დომინანტობაში, პირველ რიგში, იგულისხმება H3N2 ტიპის ვირუსი, რომელსაც ასევე უწოდებენ ჰონგ-კონგის ვირუსს. ის არ არის ახალი ვირუსი. ეს სახელწოდება მას ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიენიჭა, როდესაც 1968 წელს, ჰონგ-კონგში გრიპის სერიოზული აფეთქება გამოიწვია. ასევე გვხვდება ერთეული შემთხვევები კარგად ნაცნობი H1N1, ე.წ. ღორის გრიპისა, თუმცა, უმრავლესობა H3N2-ია“.

გარდა ამისა, საქართველოში აქტიურად ცირკულირებს რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (ზედა და ქვედა გზების ინფექცია), რომელიც განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ბავშვებში და შესაბამისად, ამით აიხსნება კლინიკებში მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელიც:

„ამ ვირუსის აქტიურობა მთელ მსოფლიოში შეინიშნება. სამწუხაროდ, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე, 2022 წლის განმავლობაში, ეს ვირუსი უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. იაშვილის კლინიკაში პაციენტების ნაკადი ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და პიკს მიაღწია მაისსა და ივნისში. ჰონგ-კონგის ვირუსსა და რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს შორის განსხვავება სერიოზულია. რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში განაპირობებს ბრონქიოლიტს, წვრილი ბრონქების ანთებას, რაც საკმაოდ საყურადღებოა, საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, ჟანგბადის დამატებით მიწოდებას. მაღალია ფილტვების ანთებით გართულების რისკი. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ლაპარაკობს ე.წ. ტრიპლდემიის რისკზე, რაც ნიშნავს ერთდროულად სამი ვირუსის - გრიპის (H3N2), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას. მომდევნო კვირების განმავლობაში, დეკემბერ-იანვარში, ველოდებით ამ სამი ტიპის ვირუსის შემთხვევების მატებას“.

ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ წლევანდელი წელი ვირუსების გავრცელების მხრივ გამორჩეული იქნება:

„ეს ვარაუდი ეფუძნება იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო სამხრეთ ნახევარსფეროდან. სამხრეთ ნახევარსფეროში გრიპის ვირუსი ადრე იწყება და შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის ხელმძღვანელობს იმ ქვეყნებიდან მიღებული მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ავსტრალიაში დაფიქსირდა გრიპით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა. ზუსტად ანალოგიური მოლოდინი აქვს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც, რომელიც აცხადებს, რომ წლევანდელი წელი იქნება ბოლო 13 წლის განმავლობაში გამორჩეული წელი ვირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით. საქართველოშიც ანალოგიური მდგომარეობაა. ასეა ევროპის ქვეყნებშიც“.

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსები? - სიმპტომები და გართულების რისკი

მაგალითად, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპისა და ღორის გრიპის ერთმანეთისგან განსხვავება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, შეუძლებელია. ამ ვირუსებს თითქმის თანაბრად ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი ცხელება;
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა;
  • ძლიერი სისუსტე;
  • კუნთების, სახსრების ტკივილი; მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი;

როგორც ივანე ჩხაიძე გვიხსნის, ამ ვირუსების უკან დგას არა მხოლოდ მისი რთული მიმდინარეობა, არამედ გართულებების რისკის ალბათობა:

„პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ ფილტვების ანთების ალბათობა, რამაც რიგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის გარდაცვალებაც. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ყოველწლიურად, პანდემიამდე პერიოდშიც, საქართველოში, სეზონზე, გრიპის ვირუსით 30-დან 60-მდე ადამიანი კვდებოდა. ამიტომ ვამბობთ, რომ გრიპის ვირუსის ცირკულირება ახლა გაცილებით უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე კორონავირუსის, რადგან ომიკრონი არ გამოირჩევა გართულებების მაღალი ხარისხით და გრიპთან შედარებით მისი მიმდინარეობა უფრო მსუბუქია“.

ვის აქვს გრიპის გართულების რისკი?

რისკ-ჯგუფში შედიან 5 წლამდე ბავშვები. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები. სწორედ ამიტომ, ამერიკის CDC-ის რეკომენდაციით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ექვსი თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

  • ასევე რისკ-ჯგუფში შედის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა;
  • ორსულები;
  • ასთმის მქონე პაციენტები;
  • ინსულტგადატანილი პაციენტები;
  • დიაბეტის მქონე პაციენტები;
  • ონკოლოგიური პაციენტები;
  • ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებები;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები;
  • გულის იშემიური დაავადებების მქონე პაციენტები.

რატომ უნდა ავიცრა? რომელი ვირუსებისგან დამიცავს ოთხკომპონენტიანი ვაქცინა?

„რა აზრი აქვს აცრას, იმდენი ვირუსი დადის, რომელიმე მაინც შემხვდება“, - ეს მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, როდესაც საქმე გრიპზე ვაქცინაციას ეხება.

ის, რომ ქვეყანაში მრავალნაირი ვირუსი ცირკულირებს, მართალია. ისიც მართალია, რომ "სანოფი პასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ყველა ვირუსისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, ვაქცინა გრიპის სწორედ იმ ტიპებისგან გვიცავს, რომლებიც რთული მიმდინარეობითა და გართულებების რისკით ხასიათდებიან - იქნება ეს ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი თუ ე.წ. ღორის გრიპი:

„ოთხკომპონენტიანი ვაქცინა განკუთვნილია მხოლოდ ოთხ კონკრეტულ ვირუსზე - ორი A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ და ორი B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, ეს ვაქცინა არ მოქმედებს სხვა ტიპის ვირუსებზე, არ მოქმედებს, რინოვირუსზე, ადენოვირუსზე. მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რატომ ვიკეთებთ ამ ვაქცინას - სხვა ტიპის ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულირებს საქართველოში, არ არის სიცოცხლისთვის საშიში. რინოვირუსი, ადენოვირუსი, ძველი კორონავირუსის ტიპის ვირუსები, არ იწვევენ გარდაცვალებას. ლეტალობისა და გართულებების გამომწვევია მხოლოდ გრიპის ვირუსი. ვაქცინაციას ვიკეთებთ იმიტომ, რომ არ დამძიმდეს მდგომარეობა, ადამიანი არ მოხვდეს საავადმყოფოში, არ განვითარდეს ფილტვების ანთება, რაც გრიპის შემთხვევაში მოსალოდნელი რისკია. ის ვაქცინა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მიზანმიმართულია სწორედ ე.წ. ჰონგ-კონგისა და ღორის გრიპების წინააღმდეგ. ამ ვაქცინების შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ ორი წლის წინ გავიკეთე ვაქცინა და წელს აღარ მინდა, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან შარშან წინ სხვა ტიპის ვირუსები ცირკულირებდა და წელს სხვა“, - გვეუბნება ივანე ჩხაიძე.

გრიპის ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პერიოდი ოქტომბრის თვეა - პერიოდი, როდესაც ნაკლებია გრიპით ინფიცირების შემთხვევები. თუმცა, რაკი შემთხვევათა მატება დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი, ვაქცინაცია კვლავაც რეკომენდებულია, განსაკუთრებით, ნოემბრის მიწურულამდე, რათა შემდგომი ორი კვირის განმავლობაში, ორგანიზმმა იმუნიტეტის გამომუშავება მოასწროს.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ წელს ქვეყანას რისკ-ჯგუფებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, საკმარისი რაოდენობის ვაქცინა აქვს:

„2005 წელს სულ 14 ათასი დოზა ვაქცინით დავიწყეთ. წელს სახელმწიფომ შემოიტანა ვაქცინების მაქსიმალური დოზა, 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინა. რისკ-ჯგუფებისთვის ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია. ამ ეტაპზე, ეს მარაგი სრულად ათვისებული არ არის. გარდა ამისა, გრიპის ვაქცინები შემოაქვთ კერძო კომპანიებსაც. ასე რომ ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არის“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება 22 ნოემბრის ჩათვლით.

რა მდგომარეობაა კლინიკებში?

როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, კლინიკებში მიმართვიანობა, განსაკუთრებით პედიატრიულ განყოფილებებში, მკვეთრადაა გაზრდილი, რაც მისი თქმით, პროგნოზირებადი იყო:

„წინა კვირაში ლუგარის ცენტრის მიერ დადასტურებული გრიპის 10 შემთხვევა გამოვლინდა. მაშინ, როდესაც 2020-21 წლის მთელ სეზონზე გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა დადასტურდა. ახლა კი უკვე ერთ კვირაში გვაქვს გრიპის 10 შემთხვევა. სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდში მიმართვიანობა კიდევ მოიმატებს“.

სად წავიდა COVID19?

არსად წასულა. სხვა ვირუსებთან ერთად, საქართველოში ცირკულირებს კორონავირუსის ბოლო შტამი, ომიკრონი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც გარდაცვალების, ისე დაავადების სიმძიმემ და ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, ყურადღება მის მიმართ მინელდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოქტომბრის თვიდან მოყოლებული აღარ ანახლებს მონაცემებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ.

უკანასკნელი მონაცემი, სადაც კორონავირუსის ბოლო ერთი თვის შემთხვევების რაოდენობა იყო აღრიცხული, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა. იმ პერიოდისთვის, ქვეყანაში აღრიცხული იყო კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 20 ფაქტი. სექტემბრის მიწურულის მდგომარეობით, პანდემიის პერიოდში კორონავირუსმა საქართველოში 16 912 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად კვლავ მოიმატებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაც:

„კორონავირუსი არსად წასულა და ვერც იმის ილუზია გვექნება, რომ ის როდესმე გაქრება. ის გახდება ჩვენი ყოველწლიური თანამგზავრი, ისევე როგორც გრიპის სხვა ვირუსები და ზამთრის სეზონზე კორონავირუსიც კვლავ გააქტიურდება“.

კიდევ იკეთებენ თუ არა საქართველოში COVID19-ის ვაქცინას?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 14 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 276 173 ადამიანი.

ვაქცინაციის საიტზე გამოტანილია 150 ათასზე მეტი დოზა თავისუფალი ვაქცინა, მათ შორის, „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე რამდენიმე თვეა აღარ აქვეყნებს ვაქცინაციის მიმდინარეობის სტატისტიკას, თუმცა, როგორც ივანე ჩხაიძე გვეუბნება, დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად ნულზეა დასული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ახლა იღებენ ვაქცინის პირველ დოზას:

„ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ისეთივე დაბალი ტემპით, როგორიც ზოგადად იყო. ძირითადად იცრებიან ვაქცინის მესამე და მეოთხე დოზით“.

გვექნება თუ არა ომიკრონზე მორგებული ბივალენტური ვაქცინა?

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ორიგინალი ვაქცინები კვლავ ეფექტურია COVID19-თან დაკავშირებული მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად და მათი გამოყენება კვლავ გრძელდება მსოფლიოს ვაქცინაციის კამპანიებში, 2022 წლის 31 აგვისტოს, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ავტორიზაცია მიანიჭა ფარმაცევტული კომპანიების „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ბივალენტურ ვაქცინებს, რომლებიც კორონავირუსის ბოლო, ომიკრონის შტამზეა მორგებული. ამ ვაქცინებით დაშვებულია როგორც ზრდასრული მოსახლეობის, ისე ბავშვების აცრა 5 წლიდან.

ევროპის წამლის სააგენტო (EMA) იძლევა რეკომენდაციას, რომ განახლებული ბივალენტური ვაქცინებით აცრა შესაძლებელია COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველადი ვაქცინაციიდან (ან უკვე მიღებული ბუსტერ დოზიდან) სულ მცირე 3 თვის შემდეგ.

აპირებს თუ არა საქართველო შეიძინოს კონკრეტულად ომიკრონზე მორგებული, ბივალენტური ვაქცინა, ამ კითხვაზე პასუხი ვერც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან და ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ.