სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები „სასწრაფო“ მოლაპარაკებებს მართავენ დაძაბულობის განსამუხტად

მარცხნიდან: კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი, ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჟოზეპ ბორელი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი. ბრიუსელი, 21 ნოემბერი.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართავენ „სასწრაფო“ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია მანქანების სერბულ სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული დაძაბულობის განმუხტვა ჩრდილოეთ კოსოვოში.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უკანასკნელ კვირებში გაძლიერდა. კოსოვოს სერბული უმცირესობა უკმაყოფილოა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყოს იმ ავტომანქანების ხელახალი რეგისტრაცია, რომლებსაც სერბული სანომრე ნიშნები აქვთ.

კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება 1 ნოემბერს დაიწყო მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა, გადაედო ის.

პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან.

გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე.

ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მეტი დრო მისცეს მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის.

აშშ-მა და ნატომაც გააფრთხილეს კოსოვო არ იმოქმედოს ცალმხრივი წესით, რასაც ვითარების შემდგომი ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს.