2023 წლიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ოდენობა წესდება

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ოდენობა წესდება. მომავალი წლიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.

"ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, რაც შექმნის მათთვის ღირსეული ანაზღაურების, ასევე სამუშაოს შესრულების მოტივაციის და გარკვეულწილად შრომითი დაცულობის გარანტიებს. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაცნოთ სექტორს ის წინადადებები, რომელიც მომზადდა, მივიღოთ მათი პოზიცია და საბოლოოდ უკვე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ვადებში, რა ინტენსივობით ამოქმედდება მინიმალური ხელფასის პოლიტიკა იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს სამედიცინო სექტორთან შეხვედრისას.

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულები, სასწრაფოს ექიმები, ექთნები და მძღოლები თვეებია, პერიოდულად აქციებს აწყობენ ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით - ისინი ხელფასის 50%-იან მატებას ითხოვენ.

ასევე ნახეთ სახელმწიფო სასწრაფოს ექიმებს ხელფასებს 10%-ით უზრდის, მათი მოთხოვნა 50%-ია

2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სისტემაში ეტაპობრივად ამოქმედდება კიდევ ერთი ცვლილება, რაც წამლებზე მოგების მაქსიმალური %-ის დაწესებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ 2023 წელს სახელმწიფო მედიკამენტების მაქსიმალურ ფასს განსაზღვრავს