"მაისის სტუდენტური მოძრაობა" აცხადებს, რომ პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს განცხადებას.
მათივე ცნობით, უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს, ხოლო, დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
სტუდენტი მოძრაობა აცხადებს, რომ განიხილება ორი პოტენციური ობიექტი - მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა:
- "პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დაკონსტრუქცია და ახლის აშენება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს. ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება.
- მეორე ობიექტი, რომელიც, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც მომავალი პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს. მათი ნაწილი გამოყენებული იქნება სამეურნეო მიზნებისთვის, ნაწილში მოეწყობა საერთო სტუდენტური სივრცეები, დაახლოებით 80-90 ოთახი გამიზნულია საცხოვრებლად (180 ადგილი). ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს".
"მაისის სტუდენტი მოძრაობა" ამ ორი ობიექტის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციები 2022 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდპანდემია დასრულებულად გამოცხადდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუსტად ორწლიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, 2 მაისიდან სტუდენტების კვლავ აუდიტორიებში დაბრუნება გადაწყვიტა.
20 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართული სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტს დისტანციურ სწავლებაზე დაბრუნება სთხოვეს, რადგან ამბობდნენ, რომ თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასის გაძვირების გამო, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს არ ჰქონდათ საშუალება, თბილისში ჩამოსულიყვნენ.
სტუდენტების სამკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ 13 მაისიდან სწავლება შერეული, ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელდებოდა.
პარალელურად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 13 მაისს განაცხადა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები აუდიტორიებში ჩატარდებოდა ყველასთვის, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ეს გადაწყვეტილება სტუდენტთა მორიგი საპროტესტო ტალღის მუხტად იქცა - სტუდენტებმა გამოცდების ონლაინ ჩატარება მოითხოვეს.
6 ივნისს სტუდენტების მოთხოვნათა შორის გაჩნდა უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება.
სტუდენტების კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ღირსეული სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, მათგან 10 000-მდე სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.
დღეს თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი ორ სტუდენტურ საცხოვრებელს ფლობს. ერთს ბაგებში, მეორეს კი ლისზე. ჯამში, ეს ორი სტუდენტური საცხოვრებელი 550 სტუდენტს ჰყოფნის. მათგან 320 ადგილი ლისის საერთო საცხოვრებელზე მოდის, რომელიც 2013-2014 წლებში აშენდა.
ასევე ნახეთ რა სურთ თსუ-ს სტუდენტებს - პროტესტის ორი თვე