სამხატვრო აკადემიის რექტორად არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი, ყარამან ქუთათელაძე აირჩიეს

სამხატვრო აკადემიის რექტორად მხატვარი, ფესტივალ "ფესტ-ი-ნოვას" ორგანიზატორი, ყარამან ქუთათელაძე აირჩიეს. ის რექტორის კანდიდატად წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. არჩევნები სამხატვრო აკადემიაში დღეს, 18 ნოემბერს გაიმართა. აკადემიას არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია - მხოლოდ აკადემიის ვებ-საიტზე განახლდა რექტორის შესახებ მონაცემები.

რადიო თავისუფლება ცდილობდა ყარამან ქუთათელაძესთანაც და აკადემიის პრესსამსახურთანაც დაკავშირებას იმის გასარკვევად, აკადემიური საბჭოს რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი ახალ რექტორს, მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

სამხატვრო აკადემიამდე არჩევნები ერთი კანდიდატით გაიმართა თსუ-ში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ოქტომბერში აირჩიეს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო.