ვახტანგ დათუნაშვილი ნატალია ილიჩოვასთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში 11 წლის განმავლობაში. მოწმემ ყოფილი კოლეგა სასამართლოს წინაშე დაახასიათა როგორც პროფესიონალი, მოწესრიგებული თანამშრომელი და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამ საქმეზე სიმართლის დადგენა.
პროკურატურის მოწმემ დღეს სასამართლოს რამდენჯერმე უთხრა, რომ კომისიაში მუშაობისას სრულად ენდობოდა ამ საქმის ორივე ბრალდებულს, ივერი მელაშვილსაც და ნატალია ილიჩოვასაც და არც მათ კომპეტენციაში და არც მათ პატიოსნებაში ეჭვი არ შეჰპარვია. ვახტანგ დათუნაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის შეთანხმებისას ამოსავალი წერტილი 1996 წლის 13 ივნისის პროტოკოლი იყო, რომელიც განსაზღვრავდა იმას, რომ საზღვრების ხელახლა დასადგენად 1938 წლის მდგომარეობა იქნებოდა საორიენტაციო.
“1996 წლის დოკუმენტში არის ერთ-ერთი ჩანაწერი, რომ ამ პროცესში გამოყენებული ყოფილიყო 1: 50 000-იანი მასშტაბის რუკა. ხდებოდა რატომ, უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა კომისიას არ ჰქონდა. მერე კი დააყენეს კომისიებმა საკითხი, რომ სხვა რუკებიც გამოეყენებინათ” - თქვა ვახტანგ დათუნაშვილმა სასამართლო სხდომაზე და დააამატა, რომ მიუხედავად 1938 წლის მდგომარეობის უპირატესი მდგომარეობისა, მხარეებს შეეძლოთ სხვა დოკუმენტების, მათ შორის რუკების გამოყენებაც. მან ახსნა, რომ სხვადასხვა წლის რუკაზე საზღვრები სხვადასხვანაირად არის დატანილი და სამუშაო პროცესის ნაწილი იყო ამ ხარვეზების პოვნა და რუკებს შორის განსხვავების დადგენაც. დათუნაშვილის თქმით, ეს პრობლემა თავს იჩენდა არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, სომხეთთან საზღვრის შეთანხმების პროცესშიც.
ასევე ნახეთ დამალული იყო თუ არა რუკა მასშტაბით 1:200 000ვახტანგ დათუნაშვილმა განმარტა საზღვრის დამდგენი კომისიის სამუშაოს პროცესიც: მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი რიგ შემთხვევებში კოორდინატებს უშუალოდ ადგილზე იღებდნენ სპეციალური ტექნიკური საშუალებებით და შემდეგ დაჰქონდათ სამუშაო ალბომებში, ზოგჯერ კი პროტოკოლი დგებოდა, სადაც ტექსტურად იყო ახსნილი ვითარება საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებზე კოორდინატების მითითებით. კომისიის ყოფილმა წევრმა სასამართლოს უთხრა, რომ ამ პროცესში ხშირად კომისიის თავმჯდომარეებიც იყვნენ უშუალოდ ჩართულები.
პროკურორი: ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ფუნქციები რა იყო კომისიაში?
ვახტანგ დათუნაშვილი: მონაწილეობდნენ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრებს, პრაქტიკულ საველე სამუშოებს ბატონი ივერი ხელმძღვანელობდა, მეც ვესწრებოდი იშვიათი გამონაკლისების გარდა ამ სამუშაოებს.
პროკურორი: ეს საველე რას გულისხმობდა?
ვახტანგ დათუნაშვილი: საზღვრის ხაზის გამავლობის დაზუსტება უშუალოდ ადგილებზე, კოორდინატების აღება.
პროკურორი: და უშუალოდ ხაზის გამავლობა როგორ იყო, რუკებზე მუშაობა და ასე შემდეგ, ვინ კურირებდა?
ვახტანგ დათუნაშვილი: რუკებზე დატანა ჩემი კომპეტენცია არ იყო, ბატონი ივერი მუშაობდა, ნატალიაც მუშაობდა. კიდევ თუ სხვა მუშაობდა, მე არ ვიცი…
პროკურორი: თქვენ ყოველ შემთხვევაში ეს ორი პირი იცით ვინც მუშაობდა. რა მაინტერესებს, თქვენ იმ პერიოდში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყავით, 2006-2007 წელში. ამ პერიოდში იყო თუ არა თქვენს უწყებაში რაიმე რუკები?
ვახტანგ დათუნაშვილი: რუკები იყო, ჩვენ გვქონდა ძველი, 70-იანი, 80-იანი წლების დაბეჭდილი, ე.წ. გენშტაბის რუკები, რომლებიც შეიძლება ვიღაცამ გადმოგვცა, დაგვრჩა. ადრე იმასაც გეტყვით, რომ იმდენად ცოტა იყო და არ იყო საკმარისი რუკები, სასაზღვრო სექტორებზე, სადაც ასევე გვჭირდებოდა რუკები, ვიყენებდით სქემებს, ანუ ხელით ვასრულებდით, ხელით გადაგვქონდა “ვატმანზე” და…
პროკურორი: ამ რუკებთან ვის ქონდა შეხება? სასაზღვრო პოლიციაში ვგულისხმობ…
ვახტანგ დათუნაშვილი: სასაზღვრო პოლიციაში კარტოგრაფიულ სამსახურში ინახებოდა, მაგრამ ჩემი სამმართველო იყენებდა ძირითადად. თუ ვინმეს სჭირდებოდა სამსახურებრივი საჭიროებისთვის, ჩვენ ვუზრუნველყოფდით. ეს რუკები სადმე დაკეტილი არ იყო, ნატალია ილიჩოვასაც ჰქონდა შესაძლებლობა ამ რუკებზე მუშაობის…
პროკურატურის მოწმემ სასამართლოზე არაერთხელ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა რუკებზე მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და კომპეტენცია, თუმცა საკმაოდ დეტალურად ახსნა კომისიების მუშაობის პროცესი და სპეციფიკა და თქვა, რომ კომისიაში თავისუფალი სამუშაო გარემო იყო, მის ნებისმიერი წევრს შეეძლო აზრის დაფიქსირება, კითხვების დასმა და მოსაზრებების გამოთქმა. დაკითხვაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, პროკურატურამ სასამართლოს და მოწმეს არაერთი დოკუმენტი აჩვენეს, რომელთა ნაწილზეც ვახტანგ დათუნაშვილი, როგორც კომისიის წევრი აწერდა ხელს.
კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 28 ნოემბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია