ბრალდებები პასუხების ნაცვლად - რის სათქმელად მივიდა პრემიერი პარლამენტში

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციის მიწვევით მივიდა. რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ის ინტერპელაციის წესით დაიბარა - წინაწარ გაგზავნილი კითხვები, ევროკომისიის პირობების შესრულებასა და ანტიდასავლურ განცხადებებზე მთავრობის პოზიციას ეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლა და კითხვებზე პასუხი ოპოზიციის კრიტიკით, კონტრშეტევითა და გადაბრალებებით დაიწყო.

მან ცალკეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს უსაყვედურა, რომ არ მონაწილეობდნენ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში და იქვე, ინტერპელაციის კითხვების გამგზავნი დეპუტატების სიის მიხედვით ისაუბრა იმაზე, ვინ როგორ მუშაობდა და ვინ არ მუშაობდა პარლამენტში შექმნილი ჯგუფების ფარგლებში.

მან ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და თქვა, რომ მათ ეს "ლობისტებთან" ერთად გააკეთეს.

"პირდაპირ მიზეზი მიართვეს ლანგრით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს, იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო", - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც მას ინტერპელაციის კითხვები გაუგზავნა. ღარიბაშვილმა მას იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან მუშაობა გაუხსენა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს "ვაშაძის მმართველი" უწოდა.

"როგორ ბედავთ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე. ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ დიქტატორული რეჟიმის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა. კერძო საკუთრების განცდა და ცნება არ არსებობდა ქვეყანაში.

ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. როგორ აძლევთ საკუთარ თავს [უფლებას], აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, ეს იყო შეთქმულება, ეს არის შეთქმულება", – თქვა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის დეპუტატების მიერ ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მთავრობის პოზიციას ანტიდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით. კერძოდ, "ქართული ოცნებისგან" გამიჯნულების განცხადებებზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩაურთველობის გამო ვერ მიიღო.

ღარიბაშვილის თქმით, მას არ მოსწონს თავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე.

"მიუღებელია ჩემთვის პირადად, მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე თქვა, რომ დემოკრატია ყველას აძლევს საშუალებას, გამოხატოს თავისი აზრი.

"ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის "გათვლა" იყო, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ "საზოგადოების მღელვარება და რევოლუცია", მაგრამ "ესეც ჩაუვარდათ". მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, ასევე "შეუსრულონ დავალება პარტნიორებს უკრაინიდან".

"უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ ეს მთავრობა, ჩვენზე გულისხმობდა, არაა ომის მთავრობა, რომ ყოფილიყო სააკაშვილი, იქნებოდა ომი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ?... თუ გინდათ კანდიდატის სტატუსი, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად...", - განაცხადა ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან, რასაც დარბაზის "ქართული ოცნების" ფლანგის მხრიდან ტაში მოჰყვა.

პასუხის პასუხები და კითხვები ოპოზიციიდან

პრემიერის გამოსვლის შემდეგ "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილის მოსმენისას საქართველოს მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა.

"პრემიერ-მინისტრმა ისევ აირჩია, რომ ბევრი ტყუილი ეთქვა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა. სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა ჩემი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა, დეოლიგარქიზაციას როდესაც გვთხოვენ, იმიტომ რომ ბერა ივანიშვილის (ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი) თანაშემწე არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს და საქართველოს მიეცეს შანსი, რომ გახდეს ევროპული ქვეყანა" - უთხრა სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში მიწვეულ პრემიერს, კოლეგებს შეთანხმებისკენ მოუწოდა და ყველას მიმართა, უარი თქვან სიძულვილის და ზიზღის ენაზე.

"მოგიწოდებთ ყველას, ჩემს თავს, ჩვენი პასუხისმგებლობით უარი ვთქვათ სიძულვილის, ზიზღის ენაზე, შევძლოთ უმთავრესისთვის ყველაფრის გადადება, ესაა გარემოს შექმნა საქართველოში, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის", - თქვა მან და ღარიბაშვილს ჩამოუთვალა ის საკითხები, რომლებზეც ოპოზიციასა და მმართველ ძალას სჭირდებათ თანხმობა:

  • "იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ბატონი [ნიკა] გვარამიას გათავისუფლება წაადგებოდა დეპოლარიზაციის პროცესს? წაადგებოდა შეთანხმების პროცესს?
  • იზიარებთ თუ არა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს გარანტირებული?..
  • მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციას თუ მმართველ ძალას წარმოვადგენთ, ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ იმ ინსტიტუტებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში იმაზე შეუდარებლად მეტი გააკეთეს საქართველოსთვის, ვიდრე ეს შეიძლება, ჩვენ გავაანალიზოთ... ვგულისხმობ უპირველესად შეერთებულ შტატებს...
  • იქნებ შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ევროპარლამენტარებს, ისევე როგორც აქ პარლამენტარებს, აქვთ საკუთარი აზრი, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციას, ევროპის კავშირს".

დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ კორძაიას კითხვა შეეხებოდა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საპატიმროდან გათავისუფლების შესაძლებლობას.

"თქვენი პოზიცია მაინტერესებს - ნიკა გვარამია უკვე მაისიდან ზის ციხეში და თუ დეპოლარიზაცია გვინდა და თუ გვინდა ვალდებულებების შესრულება, თუ ხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან რაიმე კომპრომისს ამ საკითხთან დაკავშირებით? იმიტომ რომ მაისიდან ის უკვე სასჯელს იხდის და შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება თქვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია იქნეს გათავისუფლებული?", - იკითხა თამარ კორძაიამ.

დეპუტატმა "ლელოდან", ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ პრემიერის პასუხები არ იყო კონკრეტული და მას დამატებით კითხვები დაუსვა იმაზე, თუ რა გააკეთა მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად:

"რამდენ ევროპის დედაქალაქში იყავით მას შემდეგ, რაც ეს ისტორიული ფანჯარა გაიხსნა? იქნებ, ციფრები გვითხრათ, უკეთესია რიცხვებში თუ გამოხატავთ. რამდენ პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდით ევროპის დედაქალაქებში? რამდენ ქვეყანაში იყო ჩასული თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული მომავლის ლობირებისთვის? კონკრეტული ციფრები მინდა კონკრეტული თარიღებით".

პრემიერის დასკვნითი სიტყვა

ტრიბუნასთან დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ "სათითაოდ" არ უპასუხებს. მან დასკვნითი სიტყვის სახით შეაჯამა საკუთარი გამოსვლა, რასაც, შიგადაშიგ, "ქართული ოცნების" დეპუტატების ტაში აწყვეტინებდა.

"მე ყოველგვარი ემოციის და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ გიპასუხოთ სათითაოდ. თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, ფარისევლობას, ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს. სიმართლე არის შემდეგი: თქვენგან განსხვავებით ვემსახურებით საქართველოს", - თქვა ღარიბაშვილმა და ისევ ოპოზიციის შეურაცხყოფა გააგრძელა: "თქვენ მინდა დაგისვათ კითხვა: გააცნობიეროთ, ვის ემსახურებით? ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული ოპოზიცია არ მინახავს 10 წელია... ერთადერთი ხსნა გაქვთ, ბატონო და ქალბატონო ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი [ლევან] ხაბეიშვილი თავმჯდომარედ".

პრემიერმა ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო არ აპირებს შეასრულოს ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები და მთავრობა ყველას მოუსმენს, მაგრამ "გააკეთებს იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას".

"რა თქმა უნდა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან, ასევე თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ "გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რაზეც ეს ადამიანები [ოპოზიცია] არ საუბრობენ...".

"... ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი? 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, სტატუსზე. გასაგებია, გავიგეთ. გეთახმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში", - აღნიშნავს ღარიბაშვილი და აგრძელებს: "ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი. ამის შემდეგ იწყება სხვა პროცესი. წლები დასჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამას სჭირდება მომზადება და არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი. გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაცა სასწაული მოხდება, თუ არ მივიღებთ სტატუსს. სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ".

ამ სიტყვების შემდეგ, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა "კონსტრუქციულ გამომსვლელებს" ოპოზიციიდან და თქვა: "შეგვიძლია ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია პოლარიზაციის დასრულება, შემცირება. ჩვენი ნება გაცხადებულია, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან".