ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლიდან სასწრაფო დახმარების ექიმების ხელფასები 10 პროცენტით გაიზრდება. უწყების პრესსამსახურმა ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 ნოემბერს, გაავრცელა.
იმის მიუხედავად, რომ სასწრაფოს ექიმების ხელფასები იზრდება, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც თავად ითხოვდნენ - მათ უნდათ, რომ ანაზღაურება 50 პროცენტით გაიზარდოს.
"პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
რადიო თავისუფლება ესაუბრა საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს, ირაკლი ამირანაშვილს:
"პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც კოვიდ-დანამატი მოიხსნა. მათი მოთხოვნაა ხელფასის ზრდა. უთხრეს, რომ დაითვლებოდა მათი სამუშაო გრაფიკი და ხელფასი ასე გაეზრდებოდათ. 10%-იანი ზრდა არ არის მათთვის მისაღები. ინფლაცია დღეს 10 პროცენტზე მეტია".
სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად მართავენ. ისინი ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც შეხვდნენ.
ასევე ნახეთ „ჩვენ არ ვართ მონები“ - სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აქციებს იწყებენ