აფხაზეთში დიდ ვნებათაღელვას იწვევს "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ამზადებს და, რომლის მიღებასაც ადგილობრივი პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს. რუსეთის ფედერაციაში ანალოგიური კანონი 2012 წლიდან მოქმედებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ავტორიტეტიანი ორგანიზაციების შეფასებით, სწორედ ეს კანონი იქცა სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიან იარაღად რუსეთის ხელისუფლების ხელში. ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთშიც ამ „რუსული კანონის“ მიღებას, რუსეთის МИД-იდან დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად მივლენილი, ინალ არძინბა ლობირებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ანრი ბარციცი არ მალავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის „მკაცრი რეგულირების მომხრეა“, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი დაჟინებით მოითხოვენ, რომ არ მოხდეს რუსეთში მიღებული პრაქტიკის აფხაზეთში გადაღება.
„ეს კანონი საერთოდ არ უნდა შევიდეს „ჰარმონიზაციის“ სიაში, რადგან მას არავითარი კავშირი არ აქვს საერთაშორისო დღის წესრიგთან და არეგულირებს ურთიერთობას მთავრობასა და საზოგადოებას შორის“, - აცხადებენ აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც 15 ნოემბერს გამართული დისკუსიის - „სამოქალაქო ორგანიზაციების როლი თანამედროვე აფხაზეთში“ - ფარგლებში დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რუსული პრაქტიკა და „ჰარმონიზაცია“, ცხადია, შემთხვევით არ უხსენებიათ. აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე მუშაობა სწორედაც რომ „აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის პროგრამის ფარგლებში“ დაიწყო, იმ პროგრამისა, რომელზეც ასლან ბჟანია და ვლადიმირ პუტინი 2020 წლის 12 დეკემბრის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
დე ფაქტო მინისტრი მკაცრი მიდგომის მომხრეა
აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლა ე.წ. აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ, რომლის მდივანმა, გული კიჩბამ შენიშნა, რომ მთავრობიდან ასევე მიწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, რომელიც, უცნობი მიზეზის გამო, შეხვედრაზე არ მივიდა.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი პალატისა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა რუსლან ხაშიგმა გაიხსენა, რომ „კანონი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ ჯერ კიდევ 2005 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული და, რომ, მისი აზრით, საკანონმდებლო დღის წესრიგი მჭიდროდ არ უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურთან.
რუსლან ხაშიგის თქმით, ნაცვლად პატივცემული ადამიანების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციისა, საჭიროა პროცესში გამოცდილი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც დაეყრდნობიან აფხაზური საზოგადოების გამოცდილებას და არ გადაიღებენ რუსული კანონის ასლს.
ანრი ბარციცი, დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი კი ირწმუნება, რომ კანონპროექტი, რომელიც სამინისტროს თანამშრომლების გარდა არავის უნახავს, დამუშავების პროცესშია და, შესაბამისად, მისი კრიტიკაც უსაფუძვლოა.
„ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ რამდენი სარგებელი მოუტანეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა აფხაზეთს ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. რთულია მათი დამსახურების გაზვიადება შიმშილთან ბრძოლაში, განაღმვითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. კოვიდთან ბრძოლის დროს ამ ორგანიზაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარწმუნებთ, ჯერ არავის უნახავს კანონპროექტში შესატანი რეალური ცვლილებები. ჯერჯერობით ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს კედლებში რჩება. მთავარი სამუშაო ჩვენზეა დელეგირებული, ჯერ კიდევ ვაგროვებთ კონცეპტუალურ ხედვას, თუ როგორ დავარეგულიროთ ეს სფერო, რა ტიპის რეესტრები გავაკეთოთ. გვექნება ოთხი, ორი თუ სამი რეესტრი - ჩვენც ჯერ ამაზე ვფიქრობთ. ასევე ღიად რჩება კითხვა, ვინ წარადგენს სუბიექტთა სიებს რეესტრში, ვინ იქნება სუბიექტი, რომელიც მიმართავს სასამართლოს“, - თქვა ანრი ბარციცმა, რომელმაც იქვე შენიშნა, რომ, მესამე სექტორისადმი მადლიერების მიუხედავად, „ამ სფეროში მკაცრი რეგულირების“ მომხრეა.
თვალთვალი, გაუთავებელი დაბარებები, დაკითხვები
აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები მათი საქმიანობის „მკაცრი რეგულირების“ სურვილს, დიდი ხანია, საკუთარ თავზე გრძნობენ. არდა ინალ-იპა, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ თანადირექტორი ამბობს, რომ თვალთვალის ატმოსფერო, რომელსაც ადგილობრივი ძალოვანი უწყებები ქმნიან, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებსა და თავისუფლებებს:
„ვითარება, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, ბევრად განსხვავდება წინა წლების ატმოსფეროსგან, როცა აფხაზეთში თავისუფლების სული ტრიალებდა. ვგულისხმობ გაუთავებელ მოსმენებს და თვალთვალსაც კი. ზეპირად დავისწავლეთ იმ მანქანების ნომრები, რომლებიდანაც გვითვალთვალებენ... ცალკე ამბავია გაუთავებელი დაბარებები, დაკითხვები და ა.შ. გვესმის, როდესაც ვხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ეს შეიძლება საინტერესო იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის. ასეთი რამ ყოველთვის იყო და ჩვენც გაგებით ვეკიდებოდით, ვხვდებოდით და ვუპასუხებდით მათ დასმულ კითხვებს, მაგრამ ახლა გვარწმუნებენ, რომ აუცილებელია ამის გაკეთება სარდაფში ელექტრონული ჩამწერი საშუალებების გამოყენებით. მადლობა მინდა ვუთხრა სერგეი შამბას, რომელსაც ხშირად დავუხსნივართ მსგავსი მდგომარეობიდან. ჯერ კიდევ გვყავს ხელისუფლებაში ახლო ადამიანები, რომლებიც გვიცნობენ და გვენდობიან, მაგრამ ზოგიერთ სტრუქტურაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კანონი არ შეცვლილა, უკვე მტრებად გვთვლიან“.
არდა ინალ-იპას თქმით, მან არაერთხელ მიიწვია სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ მისულიყვნენ ორგანიზაციაში, ენახათ ნებისმიერი დოკუმენტაცია, თუმცა მის ამ შეთავაზებას არავინ გამოხმაურებია, რაც, ინალ-იპას თქმით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ საქმე ინფორმაციის მიღების სურვილში არაა.
„მიზანი დაშინება და ზეწოლაა. ვის სჭირდება ეს? ვის სურს პოლიტიკური დაძაბულობის ხარისხის ამაღლება? ჩვენ ნამდვილად ცოცხალი პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს, ოპოზიციური პარტიებით, სამოქალაქო ორგანიზაციებით და ა.შ. ასეთი მიდგომა კი ვერცერთ საკითხს ვერ გადაჭრის, - ამბობს აფხაზი სამოქალაქო აქტივისტი, - რამ განაპირობა მკაცრი რეგულაციის შემოღების საჭიროება? არგუმენტების მოსმენა მინდა. ეს კანონი უკვე რამდენიმე წელია განიხილება, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში არავინ დაუძახა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრობლემების განსახილველად“.
არდა ინალ-იპამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში მომრავლდნენ ტელეგრამარხები, მათ შორის ანონიმურები, რომელთა ერთადერთი მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაა.
არდა ინალ-იპა დარწმუნებულია, რომ „კანონი უცხოური აგენტების შესახებ“ უსამართლოდ არის შეტანილი ე.წ. კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სიაში, რადგან ეს კანონი საშინაო პოლიტიკის საკითხებს ეხება.
კანონი, როგორც იარაღი ოპონენტების დასათრგუნად
აფხაზეთის სამოქალაქო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლიანა კვარჩელია ამბობს, რომ არ არის სავალდებულო სოხუმი ყველაფერში დაეთანხმოს „სტრატეგიულ პარტნიორს“, რომ შესაძლებელია პრინციპული საკითხების დაცვა, მით უფრო მაშინ, როცა, მისი თქმით, საქმე შიდა საკითხებს ეხება.
ლიანა კვარჩელიას თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსეთში გამოიყენება ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ:
„შეუძლებელია ვერ დავინახოთ რუსეთში ამ კანონის მოქმედების ლოგიკა. რა ხდება დღეს რუსეთში? დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებით, მერე ჟურნალისტზე გადავიდნენ, შემდეგ მთელ ოპოზიციაზე. დღეს, მიუხედავად იმისა, იღებთ თუ არა დაფინანსებას, მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ თქვენ გამოთქვამთ რაიმე მოსაზრებას, რომელიც არ მოეწონება ქალაქის მერს ან რომელიმე სხვა ჩინოვნიკს, ის გიჩივლებთ და თქვენს გვარს აუცილებლად შეიტანენ უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების რეესტრში. თუ აფხაზეთის პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, მაშინ ყველა სხვა ცვლილებასაც მიიღებენ. წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ასეთი კანონის მიღება შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, რა შედეგები მოჰყვება იმას, რასაც ვაკეთებთ“.
ლიანა კვარჩელიამ მოიყვანა მაგალითი იმისა, თუ როგორ ახდენს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციას არასრული ინფორმაციის გავრცელებით:
„საგარეო საქმეთა მინისტრი ცოტა ხნის წინ მოგვიყვა საშინელ ჯაშუშურ ამბავს სენსორების შესახებ. ინალ არძინბას თქმით, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოიტანა სენსორები, რომლებიც, მინისტრის განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიყენონ ჯაშუშობისთვის. ეს თქვა და მორჩა, მეტი განმარტება არ გაუკეთებია. გავარკვიე, რომ თურმე აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტმა წარუდგინა თავისი პროექტი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. ინსტიტუტის თანამშრომლები, მისი სპეციალისტები, დასხდნენ და ინტერნეტში ნახეს, რა ტიპის სენსორები (მეტეოროლოგიური) სჭირდებოდათ. ამის შემდეგ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვეს, მიეწოდებინათ მსგავსი მახასიათებლების მქონე სენსორები. სწორედ ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. მეტიც, ერთი მოწყობილობა, სენსორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც კი გადასცეს, რათა შეესწავლათ და საქმის კურსში ყოფილიყვნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ექვსი თვის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ჯაშუშური ტექნიკა შემოიტანეს. თანაც სიტყვასაც კი არ ამბობენ იმაზე, რომ ეს მოწყობილობები სახელმწიფო დაწესებულების დაკვეთით მიიღეს. სრული ინფორმაცია რომ გაევრცელებინათ, ალბათ, სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩებოდა საზოგადოებას. ასეთ ფონზე ვაპირებთ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნას და ამ ორგანიზაციის არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეტანას?“ - იკითხა ლიანა კვარჩელიამ.
1937 წლის გაკვეთილი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ასტამურ ტანია ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა აფხაზეთისადმი ინტერესი და ყურადღება, რაც, მისი აზრით, განპირობებულია იმით, რომ შემცირდა სოხუმის „კონტაქტების რაოდენობა“ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ტანიას თქმით, ზიანის მომტანი იქნება აფხაზეთისათვის.
„ჟენევის დისკუსიები უნდა გადაიზარდოს ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გაუქმდება საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. ასეთი საკითხების გადაჭრით უნდა იყვნენ დაკავებული ქვეყნის ხელმძღვანელები და საგარეო საქმეთა სამინისტრო“, - თქვა ასტუმურ ტანიამ და იქვე გაიხსენა არც ისე შორეული წარსულის ტრაგიკული მოვლენები, რომლებშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონსტიტუციასა და კანონებში შეტანილმა ცვლილებებმა:
„ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერებები, რომლებიც სულ უნდა გვახსოვდეს. პირველი საბჭოთა კონსტიტუციები შეიცავდნენ მუხლებს, რომლებიც ზღუდავდნენ, როგორც მაშინ ამბობდნენ, "ექსპლუატატორულ კლასებს". თავიდან ამ ხალხს არავინ იჭერდა, მხოლოდ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, მერე მათი გადასახლებაში გაგზავნა დაიწყეს, ბოლოს კი საქმე „წმენდამდე“ მივიდა. მეტიც, სულ ბოლოს წმენდა შეეხო თვითონ ამ წმენდების ორგანიზატორებს. თუ ამ ლოგიკას ერთხელ ავამოქმედებთ, ის აღარ გაჩერდება. ვლადისლავ არძინბამ კგბ-ს არქივში უამრავი დოკუმენტი წაიკითხა. „შევძრწუნდი, - თქვა მან, - იმის გამო, რაც აფხაზეთში ხდებოდა, მაგრამ არ მინდა ამ თემის წამოწევა, რადგან ზოგი ცოცხალია, ზოგს შვილები და შვილიშვილები ჰყავს...“ ეს იყო 1990-იან წლებში. ისეთი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს ხალხისთვის იარლიყის მიწებებას და სტიგმატიზაციას, გაანადგურებს იმას, რაზეც აფხაზური საზოგადოება დგას “.
ასტამურ ტანიას თქმით, აფხაზური საზოგადოება სოლიდარობასა და ურთიერთდახმარებაზეა დაფუძნებული:
„თუ დაიწყება ხალხის დაყოფა, აზრის თავისუფლებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, თუ ხალხს ეტყვი, რომ შეგიძლია იფიქრო მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში და თუ სხვანაირად ფიქრობ, მაშინ მტერი და უცხოეთის აგენტი ხარო, ასეთი მიდგომა ძირს გამოუთხრის საზოგადოების კონკურენტუნარიანობას. შეადარეთ ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა“.
ვინ და რატომ ერჩის საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთში?
კოალიციის „დევნილთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც კარგად იცნობს აფხაზეთის სამოქალაქო სექტორსა და მათ საერთაშორისო პარტნიორებს, ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ.
„ახლა რაც ხდება, ეს პირდაპირ კავშირშია ინალ არძინბასა და რუსულ პოლიტიკასთან. არძინბამ დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციების გადარჩევა იმის მიხედვით, თუ ვინ უწყობდა ხელს ქართველების და აფხაზების შერიგებას და ვინ იყო ორიენტირებული მხოლოდ სხვადასხვა დახმარებაზე. შერიგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები მოექცნენ პირობით შავ სიაში, დახმარებაზე ორიენტირებულებთან კი პრობლემა არ იყო“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, რომლის ვარაუდით, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების პროცესის დაჩქარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობამ იმ საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისათვის გადაცემის წინააღმდეგ აგორდა:
„არ გამოვრიცხავ, რომ კანონის მიღებამ ამიტომაც წამოიწია წინ ახლა, როცა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა იგეგმება. დე ფაქტო მთავრობას უნდა, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ძალიან აქტიური იყო ამ საპროტესტო მოძრაობაში. ყველა აფხაზი სამოქალაქო აქტივისტი, ვისაც კი ვიცნობ, აპროტესტებს ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას“.
ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, სადავო კანონის მიღებას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ინალ არძინბა ლობირებს, სწორედ რუსეთიდან დანიშნულ არძინბას აბარია ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
„რუსეთში იმედი ჰქონდათ, რომ აფხაზეთში მათ მიერ მივლენილი ინალ არძინბა „ილიდერებდა“ და არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბდებოდა, თუმცა არძინბამ ვერ გაამართლა კრემლის იმედები. მას არავინ სცემს პატივს აფხაზეთში“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.