“ადგილობრივი ხარ თუ ჩამოსული?
გორელი
თუ გარელი?
რას ეძებ გორში?
ნახე ია?
აი ია
აი გორი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გორში!”
ეს იმ აუდიოჩანაწერის ფრაგმენტია, რომელიც 12 ნოემბრის საღამოს გორის ხელოვნების სახლთან შეკრებილებს რამდენიმე საათი უწყვეტად ესმოდათ. სამენოვანი აუდიო ინსტალაცია გორის ძველ და ახალ ისტორიაზე ჰყვებოდა და ხსნიდა, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქში უფრო მეტი ნახო, ვიდრე სტალინის მუზეუმია.
“ალბათ უკვე იხილეთ სტალინის მუზეუმი და ახლა ეძებთ, სად მიირთვათ ქალაქის საუკეთესო კატლეტი. გორი კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ინახავს.
გახსოვს პირველი კლასი რომელი წინადადებით დაიწყე? ხო, აი ია. შეგიძლია სხვა ისეთი წინადადების გახსენება, სადაც მხოლოდ ორი ასობგერაა გამოყენებული? მე ეჭვი მეპარება. მოკლედ, ეს ქართული ენის სწავლების თითქმის ჯადოსნური ფორმულა გორში დაბადებულ პედაგოგს ეკუთვნის. მისი სახელიც გეცოდინება, ია-კობ გოგებაშვილი.. მისი კრეატიულობა გასაკვირი არ არის, რადგან ზოდიაქოთი მორიელი იყო…
იცოდით რომ ქართული ფემინიზმის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ გორიდან მოდის?
1913 წელს ანასტასია ხოშტარია ერისთავის ხელმძღვანელობით დაარსდა გორის ქალთა საზოგადოება “მანდილოსანი”. გაერთიანება ქალთა გაძლიერების გზას არა სტერეოტიპულ კაცთმოძულეობაში, არამედ სკოლების, სამკითხველოების, სახელოსნოების, საავადმყოფოებისა და თავშესაფრების დაარსებაში ხედავდა. ეს ქალები ხშირად აწყობდნენ ლიტერატურულ საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს და გამოფენა-გაყიდვებს ქველმოქმედების მიზნით” - აგრძელებს ხმა ინსტალაციიდან და შემდეგ უკვე რუსულ და ინგლისურ ენებზე ჰყვება საბჭოთა ტერორის მსხვერპლებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.
გორის ქუჩებშიც და ხელოვნების სახლის შესასვლელთან პოსტერებია გაკრული, “იძებნება” იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია ხოშტარია, ნატო გაბუნია, დიმიტრი ყიფიანი.
ლომჭაბუკის სკვერის მდელოზე ოთხი სხვადასხვანაირი, ძველი სკამი დგას და თუ მათზე მიკრულ QR კოდებს დაასკანერებ, გაიგებ, რომ ეს სკამები ეკატერინე გაბაშვილს, ივანე მაჩაბელს, მერაბ მამარდაშვილს და იაკობ გოგებაშვილს ეკუთვნოდა - ანუ, გამოჩენილ გორელებს. მათი კვალი ქალაქში რთულად საპოვნელია - თუ მთავარი გამზირი სტალინის სახელს ატარებს, მათი სახელობის ქუჩები გარეუბნებშია.
#გორისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების მიერ შექმნილი ერთდღიანი თავგადასავალია. სტუდენტები ორი თვე იკვლევდნენ ქალაქს, გორის შესახებ ნაცნობ და ახალი ცოდნებს აგროვებდნენ და ახლა სხვებს უზიარებენ თავის აღმოჩენებს.
“გორის მოსახლეობა 50/50-ზე არის გაყოფილი გორის ისტორიასთან მიმართებით” - გვეუბნება თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი, სოფია მესხი. მას და მის მეგობრებს აქ ისეთი ხალხიც შეხვდა, ვინც ქუჩაში მათ გაკრულ პოსტერებს ხსნიდა და ინსტალაციებს იწუნებდა და ისეთებიც, ვინც ამხნევებდნენ.
“ქალაქში ბევრი საინტერესო შრე იკვეთება. თითოეული სტუდენტისთვის სხვადასხვა რამ აღმოჩნდა ნიშნეული და, შესაბამისად, ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტები დაიგეგმა. ძირითადად კონცენტრირებული ვიყავით ქალაქის ისტორიის მოყოლაზე განსხვავებული მედიუმებით” - ამბობს სოფია.
ერთ-ერთი ორიენტირი სპეციალური საგზაო ნიშნულებია. თუ მათ გაჰყვებით, აღმოაჩენთ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, გორის ციხეს, ტატულაშვილების სახლ-მუზეუმს, ხელოვნების სასახლეს ან საბრძოლო დიდების მუზეუმს. სტუდენტების შედგენილ #გორისძიების რუკაზე კი სხვა ადგილებსაც ნახავთ: ერეკლეს აბანოს, ძმობის დუქანს, მეიდნის ბაზარს, სკეიტ პარკს და ლომჭაბუკის სკვერს.
“სკეიტ პარკი” “ახალბაღში” გააკეთეს, მაგრამ მგონი ჯერ არ არის დამთავრებული და იქ ბავშვებს არ უშვებენ” - გვეუბნება 15 წლის მარიამი, რომელსაც ცენტრალური მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელთან ვხვდებით.
"თიხის თანამედროვე ოსტატი, გიორგი ტატულაშვილი, რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია რომელიც წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციას აგრძელებს." - ვკითხულობ 2019 წელს დაწერილ ახალ ამბავს, რომელსაც Google მთავაზობს ტატულაშვილების სახლ-მუზეუმის ძებნისას. ეს ახალი ამბავი მუზეუმის გახსნას ამცნობს ინტერნეტმომხმარებლებს. ისევ Google-ს ვუბრუნდები, რომელიც მეუბნება, რომ ეს სახლ-მუზეუმი სამ საათამდე მუშაობს, კვირას ისვენებს და სამუშაო საათებში 10-დან ღიაა.
ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ მიმავალ გზას მივყვები, რომელიც სხვათა შორის, სტალინის მუზეუმიდან სულ რამდენიმე მეტრშია, მაგრამ ცენტრალური გამზირიდან რთულად შესამჩნევია, კორპუსები ეფარება. მუზეუმი ყოფილი საბავშვო ბაღის ორსართულიან შენობაშია განთავსებული და უნიკალური მონეტების კოლექციას და ქართლის ტერიტორიაზე ნაპოვნ მდიდარ არქეოლოგიური და ეთნოგრაფიულ მასალას ინახავს.
მუზეუმის პირველ დარბაზში გუდაბერტყას ნამოსახლარიდან მოჭრილი სავარაუდოდ რიტუალური კერია დაგხვდებათ, რომლის მსგავსიც ლომჭაბუკის სკვერში გლინტვეინის მოსახარშად დაამზადეს #გორისძიებისთვის.
“ყველა მაინც აქედან წასვლაზე ფიქრობს. ვისაც შეუძლია, ევროპაში მიდის, ან ამერიკაში, ვინც მაგას ვერ ახერხებს, თბილისში. არავის უნდა გორში გაჩერება, აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ” - ამბობს ახალგაზრდა ქალი და პარკში განთავსებულ ინსტალაციას ათვალიერებს.
გორის მუზეუმის მიმზიდველი ნაწილი მისი "მიუნცკაბინეტია”, რომელიც პრემონეტარული ეპოქიდან (ძვ.წ. II-I ათასწლეული) მოყოლებული 1834 წლამდე მოჭრილ ფულს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ გამოფენილი მონეტების უმეტესობა საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი, მათი მოჭრის გეოგრაფია ძალიან ფართოა: ძველი ლიდიიდან დიდ ბრიტანეთამდე. “მიუნცკაბინეტის” ექსპოზიცია ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, ნუმიზმატმა მაია პატარიძემ მოაწყო პანდემიის დროს.
“რეგიონული მუზეუმები ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ამ პროექტზე ვმუშაობდით, მეც სულ მაგას ვფიქრობდი, რომ გორში ადამიანები მხოლოდ სტალინის მუზეუმის სანახავად არ უნდა ჩამოდიოდნენ. სამწუხაროდ, გახსნა პანდემიის შეზღუდვებს დაემთხვა და საზოგადოებამაც ვერ გაიგო სათანადოდ ამ მუზეუმის შესახებ. ამ მუზეუმის ფონდში ისეთი მონეტები დაგვხვდა, სამეცნიერო წრეებმაც რომ არ იცოდნენ, თუ აქ ინახებოდა ეს იშვიათი მასალა, თვალებს არ ვუჯერებდით” - გვიყვება მაია და გვიხსნის, როგორ დაამზადეს უნიკალური ინსტალაცია ამ მუზეუმის ნუმიზმატიკური გამოფენისთვის, რომელიც ერთდროულად მონეტის ორივე მხარის, ავერსის და რევერსის ნახვის საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს. ასეა გამოფენილი 20-მდე უნიკალური მონეტა, რომლებიც განსაკუთრებული ვიზუალური გამოსახულებით და ისტორიით შეირჩა.
მაგალითად, ძველი წელთაღრიცხვით 148 წელს საბერძნეთში მოჭრილ ტეტრადრაქმას ერთ მხარეს დიონისე აქვს გამოხატული, მეორე მხარეს ჰერაკლე, XVIII საუკუნის ებრაულ შეკელს კი, რომელიც თავისთავად გორში ძლიერი ებრაული თემის დადასტურებასაც წარმოადგენს, ერთ მხარეს არონის კვერთხი ამშვენებს, მეორე მხარეს სასაკმევლე გუნდრუკით. აქვეა ქართულ-სასანიდური მონეტა, რომლის სულ რამდენიმე ეგზემპლარია მთელს მსოფლიოში შემორჩენილი და ალექსანდრე მაკედონელის სპილენძის მონეტა, რომელიც ასევე იშვიათობას წარმოადგენს. გამოფენა საქართველოს გასაბჭოებამდე მოჭრილი ქართული თეთრებით სრულდება და მაიაც გვიხსნის, რომ ეროვნული ვალუტა სახელმწიფოებრიობის ისეთივე ნიშანი და სიმბოლოა, როგორც მაგალითად დროშა და გერბი, ამიტომაც როცა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ზარაფხანაც მალევე გააჩერა და ქართული ფულიც რუსულით ჩაანაცვლა. იმის მიუხედავად, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და საკუთარი ფულიც აქვს, ლარი დღემდე არ იბეჭდება საქართველოში.
ქალაქის ისტორიისთვის საინტერესოა ამ მუზეუმის პირველ სართულზე გამოფენილი არქიტექტურული ნახაზებიც, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით როგორ იგეგმებოდა და შენდებოდა გორი. გორის ძველი სახლების ნახაზების და ესკიზების ავტორია პოლონურ-გერმანული წარმომავლობის არქიტექტორი თეოდორ ფონ ჰაიდერ-ბოროვსკი, რომელიც გორისა და დუშეთის მაზრაში 1871-1886 წლებში ცხოვრობდა.
გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ორასიოდე მეტრშია საბრძოლო დიდების მუზეუმი, რომელიც ორი სხვადასხვა დროის კაფსულადაც შეიძლება გამოდგეს.
“გორელი არ იქნებით, აქაურები იშვიათად შემოდიან ასე მარტო”, - მეუბნება მუზეუმის თანამშრომელი და მიხსნის, რომ ეს მუზეუმი საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში, გასული საუკუნის 60-იან წლებში გაიხსნა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ მოწყობილი ექსპოზიცია მას შემდეგ უცვლელია. აქაა საბჭოთა პროპაგანდისტული ტექსტები, პოსტერები, ომში წასული გორელების ნივთები, დაღუპულების ფოტოები და ცენტრში სტალინის ბიუსტი.
დროის მეორე კაფსულა ამავე მუზეუმის მეორე მხარესაა. ეს სივრცე რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტებისას დაღუპულებს ეთმობა - ექსპოზიცია უფრო კუსტარული და ფრაგმენტულია, სამოყვარულო ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოებით და გარდაცვლილების ნივთებით.
მუზეუმის ცენტრში გორის ცენტრში 2008 წლის აგვისტოში ჩამოგდებული კასეტური ბომბის კარკასია. ამ მუზეუმის გარდა სხვა სისტემატიზებული ძეგლი 2008 წლის ომის შესახებ, რომელმაც გორი და მის გარშემო სოფლები ყველაზე მეტად დააზიანა, ამ ქალაქში არ არსებობს.
2022 წლის ოქტომბერში ქალაქის რეაბილიტაციისას შელესეს საცხოვრებელი სახლის ის კედელი, რომელიც ომის კვალს ინახავდა. #გორისძიების ერთ-ერთი ინსტალაცია ზუსტად ნატყვიარებიანი კედლის ფრაგმენტი იყო პედესტალში, რომელთანაც წითელ ხალიჩას მიჰყავდი - “ესაა მცდელობა, რომ ჩვენი ისტორია ისევე არ მიიჩქმალოს, როგორც ტყვიების კვალი შენობაზე”, ეწერა ინსტალაციის აღწერაში.