„დიდი ოცეულის“(G20) სახელმწიფოთა უმრავლესობამ მტკიცედ დაგმო ომი უკრაინაში, რომელსაც მოაქვს უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა, აღრმავებს გლობალური ეკონომიკის პრობლემებს, ზღუდავს ეკონომიკის ზრდას და ხელს უწყობს ინფლაციას, აძლიერებს ენერგეტიკულ და სასურსათო არასტაბილურობას და საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას. ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტზე მიღებული შემაჯამებელი დეკლარაცია დღეს, 16 ნოემბერს, გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ სამიტის მონაწილეთა შორის იყო განსხვავებული მოსაზრებებიც. ამასთან, გაერთიანების ლიდერები აღიარებენ, რომ G20 არ არის ფორუმი უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა, ამ საკითხებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკაზე. სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება ან გამოყენებით მუქარა.
ეკონომიკურად წამყვანი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების, G20-ის ლიდერთა სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე. სამიტს არ დაესწრო რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.
"დიდი ოცეულის" შემადგენლობაში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი.