ნატოს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დანიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
Associated Press-ი იმოწმებს აშშ-ის დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენელს, რომლის თქმითაც, პოლონეთის სოფელში მომხდარი ორი აფეთქება დაკავშირებულია პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის რაკეტების მოხვედრასთან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონეთიდან მომდინარე ცნობები „არაჩვეულებრივად შემაშფოთებელია“. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, გაარკვიოს, რა მოხდა და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი ნაბიჯების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქდა და მსოფლიო თანამეგობრობას შეახსენა თავისი გაფრთხილება, რომ რუსეთის საომარი მოქმედებები მომავალში უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება.
ნატოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს, თქვა ზელენსკიმ. ის საპასუხო მოქმედების მოწოდებით გამოვიდა.
როგორც ანონიმმა წყარომ უთხრა AFP-ს, ნატო სწავლობს მომხდარის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა.
მანამდე პოლონეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე პოლონეთის რაიონში, სოფელ პშევოდუვში, რუსეთის მიერ ნასროლი ორი რაკეტა ჩამოვარდა. მედიის ცნობებით დაიღუპა ორი ადამიანი.
როგორც Radio Zet-ის კორესპონდენტი არაოფიციალურად იტყობინებოდა, სოფელ პშევოდუვში ორი რაკეტა მოხვდა მარცვლეულის საშრობს. არის ცნობა, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ პოლიციის, პროკურატურისა და არმიის წარმომადგენლები, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
ამავე დროს Radio Lublin-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პშევოდუვში ინციდენტი მოხდა სატვირთო სასწორზე, რომელზეც დატვირთულ ტრაქტორებს წონიან. გამოცემის თანახმად, იქ უცებ აფეთქდა ტრაქტორი, რომელიც სასწორზე იდგა. Radio Lublin-იც ორი დაღუპულის შესახებ იტყობინება.
რაკეტების შესახებ ინფორმაცია ტვიტერში დაადასტურა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა, რომელმაც ვარშავას სამძიმარი გამოუცხადა.
„აღარ არის ‘წითელი ხაზები’, აღარ არის შეზღუდვები უკრაინის იარაღით მომარაგებაზე. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე“, - დაწერა ტვიტერში ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიევიჩუსმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთს.
„ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის ნებისმიერი გოჯი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, - წერს სამინისტრო ტვიტერში.
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ რაკეტების ჩამოვარდნასა და მსხვერპლზე ინფორმაციის სისწორე.
მორავეცკიმ პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან კონსულტაციის შემდეგ გასცა განკარგულება სასწრაფო სხდომის ჩატარების თაობაზე. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა განაცხადა სამშაბათს საღამოს.
მიულერის თქმით, „ნებისმიერს ინფორმაციას, რომელსაც წარუდგენენ დღეს კომიტეტს, მოგვიანებით ამცნობენ საზოგადოებას, შეძლებისდაგვარად სრულად.“
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მზადყოფნის დონე გაზარდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის რაკეტები არ ჩამოვარდნილა პოლონეთში და რომ ამის თაობაზე ცნობები პროვოკაციაა.
„პოლონეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ოფიციალური პირების განცხადებები დასახლებულ პუნქტ პშევოდუვში თითქოს ‘რუსეთის’ რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ არის გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით“, - მოჰყავს რუსეთის მედიას თავდაცვის სამინისტროს განცხადება.
ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი რაკეტები არ ჩამოცვენილა პოლონეთში
15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით. ამასთან, რაკეტები ესროლეს ლვოვის რაიონსაც, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.